ტურინის „იუვენტუსის“ თავდამსხმელმა პაულო დიბალამ განაცხადა, რომ ძალიან რთული ზაფხული გამოიარა, მაგრამ ახლა ბედნიერია. არგენტინელი აღნიშნავს, რომ სარი უფრო შემტევია, ვიდრე ალეგრი და მასთან მუშაობა ადვილია.
„ეს არ იყო ადვილი ზაფხული. ჩემი სახელი მესმოდა და ყველა გუნდში გადავყავდი, სადაც წასვლა არ მსურდა. ნამდვილად არ ყოფილა ლამაზი ეს ყველაფერი. ეს ფეხბურთია, მაგრამ სანამ სატრანსფერო ფანჯარა გაიხსნებოდა, მე ვთქვი: „აქ დარჩენა მინდა“.
ვფიქრობ, ყველაზე მნიშვნელოვანი მოედანზე საუბარი, თუნდაც ბოლო დღემდე არ იცოდე რა მოხდება. მაგრამ ვიმეორებ, დარჩენა მსურდა, აქ თამაში მინდოდა და ასე გავაგრძელე „იუვეში“ კარიერა. ვფიქრობ, კიდევ ბევრის გაკეთება შემიძლია გუნდისთვის და „ინტერთან“ ეს მცირედით ვნახეთ.
სარი? ძალიან მშვიდია. დარწმუნებული ვიყავი, რომ მასთან ერთად გართობას დავიწყებდი მოედანზე. ალეგრისთან თამაშის განსხვავებული მანერები გვქონდა, სარი კი, უფრო შემტევია. ეს უკვე ჩანს და აწი ცხადია, უნდა დაველოდოთ რა მოხდება სეზონის განმავლობაში. ახლა მინდა, მთელი ჩემი ღირებულება დავამტკიცო.
შემადგენლობა? ჩვენ ყველა კარგად ვთამაშობთ, გოლებს ვიტანთ, შესაბამისად, არჩევა ადვილი არაა. მაგრამ ეს სამუშაოა და მწვრთნელმაც იცის რა გააკეთოს. დრო და დრო, ყველა ითამაშებს. „ინტერთან“ გოლი მნიშვნელოვანი იყო ჩემთვის, გუნდითვის თამაშის იმ მომენტში. ჩემპიონატში მათ წაგებული არ ჰქონდათ, ახლა კი, ევროპაში ერთადერთი დაუმარცხებელი გუნდი ვართ. როდესაც „იუვეზე“ საუბრობ, ზოგჯერ პატივისცემა საჭიროა“, – აღნიშნა დიბალამ.