ტურინის „იუვენტუსის“ მცველმა მატიას დე ლიხტმა, რომელიც ჰოლანდიის ნაკრებში შეკრებაზე იმყოფება, ადგილობრივ მედიას ინტერვიუ მისცა.
მატიასი ახალ გუნდში მიმდინარე მოვლენებს შეეხო და აღნიშნა, რომ „იუვე“ მისთვის დიდი გამოწვევაა.
„იუვენტუსი“ – ყველაზე მნიშვნელოვანი გაკვეთილი, რომელიც აქამდე „იუვენტუსში“ ვისწავლე ისაა, რომ საკუთარ თავს უნდა ენდობოდე. თავიდან შეცდომების გამო ძალიან ვნერვიულობდი, ამაზე დიდ ყურადღებას ვამახვილებდი, ასე არასდროს მითამაშია. „ატლეტიკოსთან“ მატჩის შემდეგ დავიწყე მოედანზე ნდობით გასვლა.
კრიტიკა – კრიტიკა მცველის ცხოვრების ნაწილია. კვირას უკეთესი იქნებოდა პენალტი არ ამეკიდებინა, მაგრამ საბოლოოდ მოვიგეთ და ეს მთავარია.
ადაპტაცია – სარიმ დიეტაზე დამსვა? ეს ნამდვილად გიჟური ისტორიაა, მაგრამ აღარ მიკვირს. ვიცი რა უნდა გავაკეთო და რას ვაკეთებ არასწორად. ყველა ფეხბურთელს სჭირდება ახალ გუნდში ადაპტაციისთვის დრო. „იუვენტუსს“ ორი დიდებული მცველი ჰყავს ბონუჩი და კიელინი, ადაპტაციისთვის საკმარისი დრო მქონდა და მშვიდად ვიყავი. კიელინის ტრავმის გამო ყველაფერი შეიცვალა და ეს ჩემთვის დიდი გამოწვევაა.