პაულო დიბალასა და „იუვენტუსს“ შორის ახალი კონტრაქტის გაფორმებაზე საუბარი დიდი ხანია მიდის, მაგრამ ჯერჯერობით ოფიციალურად არაფერი გადაწყვეტილა. მისი აგენტი ხორხე ანტუნი იტალიაშიც იყო, მაგრამ მოლაპარაკება ვერ შედგა და მოსალოდნელია, რომ ახლა მხარეები საუბარს ვიდეოკონფერეციით გაგრძელებენ.
დიბალა ბოლო დროს უკმაყოფილოა იმით, რომ ანდრეა პირლო მას არ ენდობა. ახალბედა სპეციალისტი ყველა პრესკონფერენციაზე ამბობს, რომ პაულო მნიშვნელოვანი ფეხბურთელია მისთვის და გუნდისთვის, მაგრამ არ თამაშებს. დღეს დიბალა სავარაუდოდ კიევის „დინამოსთან“ ძირითად შემადგენლობაში არ იქნება, რამაც შესაძლოა ფეხბურთელის უკმაყოფილება გაზარდოს.
„კროტონესთან“ მატჩის შემდეგ მან ფაბიო პარატიჩისთანაც დაიჩივლა პირლოს დამოკიდებულების შესახებ. თუმცა, „იუვენტუსის“ ხელმძღვანელობასთან დაპირიპისპირება არ არსებობს და გუნდის ბოსებმაც კარგად იციან „ლა ჯოიას“ ფასი.
ამიტომ, მოსალოდნელია, რომ კონტრაქტის თაობაზე მხარეები შეთანხმდებიან. თუმცა, მანამდე პაულოს პირლოსთვის ყველაფრის დამტკიცება მოუწევს, ფაქტია, ანდრეა მისთვის ძირითადში ადგილს კრიშტიანუ რონალდუს არყოფნაშიც ვერ პოულობს…