ტურინის „იუვენტუსმა“ ჩემპიონთა ლიგის ბოლო ტური ფორმალობად აქცია, რადგან პირველი ადგილი განაღდებული აქვს. მიუხედავად ამისა, ჯანლუიჯი ბუფონი ამბობს, რომ გუნდი ლევერკუზენში დასასვენებლად არ წავა და გერმანული გუნდი უნდა დაამარცხოს.
„სეზონის პირველი მიზანი მიღწეულია. ნაწილობრივ, მაგრამ მაინც მნიშვნელოვანი. ჩემპიონთა ლიგის პლეი-ოფში პირველი ადგილით ნაადრევად გასვლა, არც ისე მცირედი საკითხია. ევროპაში თამაში ადვილი არასდროსაა, ჩვენს ჯგუფში ძლიერი მეტოქეები იყვნენ, რომელთაც სირთულის შექმნა ყველასთვის შეუძლიათ. ის ფაქტი, რომ მეორე ადგილის ბედი გაურკვეველია, ამას ამტკიცებს. მინდა, ტაში დავუკრა გუნდს ჩატარებული ხუთივე მატჩისთვის. მრავალწლიანი კარიერის განმავლობაში იშვიათად ყოფილა მომენტი, როდესაც ბოლო ტურში სატურნირო მოტივაცია არ გვქონდა. თუმცა, ეს არ ნიშნავს, რომ „იუვე“ ლევერკუზენში“ შვებულებით მიდით, ჩვენ უნდა ვითამაშოთ გუნდის წინააღმდეგ, რომელსაც ევროპაში კარგი ტრადიცია აქვს.
მახსოვს ბოლო დაპირისპირება გერმანელებთან, 2001-2002 წლების სეზონი იყო, ტურინში მოვიგეთ, მაგრამ გერმანიაში წაგების გამო ჯგუფში ჩავრჩით, ხოლო მეტოქემ ფინალამდე მისვლა მოახერხა. სწორედ ამის გამო ვალდებულნი ვართ კიდევ ერთი მაღალი დონის თამაში ჩავატაროთ.
როგორც იტალიური ფეხბურთის წარმომადგენელი, ძალიან კმაყოფილი ვარ, რომ ჯგუფიდან გასვლის შანსი ყველა იტალიურ გუნდს აქვს. წინ 90 წუთია და შანსი გვაქვს, რომ პლეი-ოფში ყველა გუნდი გვყავდეს, ეს კიდევ ერთი დასტური იქნება ჩვენი პროგრესის. თანაც, სწორედ ამ დროს იტალიის ნაკრები ევრო 2020-ზე რეკორდული მაჩვენებლით გავიდა“, – თქვა ბუფონმა.