ტურინის „იუვენტუსის“ მეკარემ ჯანლუიჯი ბუფონმა სხვადასხვა თემებზე ისაუბრა, ვეტერანი კიპერი ანტონიო კონტეს, კრიშტიანუ რონალდუს, ლეგენდარლ BBC-სა და „იუვენტუსში“ დაბრუნების საკითხს შეეხო.
ანტონიო კონტე – ის ჩემი თანაგუნდელი იყო, კაპიტანი და შემდეგ უკვე მწვრთნელი. ვიცნობ, როგორც პროფესიონალ ადამიანს, მაღალი ხარისხის პროფესიონალიზმი და გუნდის მიმართ სამართლიანი დამოკიდებულება გააჩნია. ღამით არ სძინავს, თუ მის გუნდს არ ესმის, რას ითხოვს მისგან. ქომაგები? მესმის მათი, მაგრამ ანტონიო უკვე შეფასებულია, რადგან ყველაფერი მისცა „იუვეს“ და შედეგიც დადო. არჩევანი ყოველთვის იწვევს დისკუსიას, მაგრამ რაც „იუვეში“ გააკეთა მნიშვნელოვანია.
კრიშტიანუ რონალდუ – როდესაც მაკრატელა გამიტანა, ვკითხე, რამდენი წლის იყო და მიპასუხა: „33, ცუდი არაა ხომ?“ კრიშტიანუ შესანიშნავი ბიჭია, მეგობრული, სასიამოვნო აღმოჩენაა. ოქროს ბურთი? თუ ის მოიგებს, გამოდის, რომ „იუვეც“ მოახერხებს რაღაც მნიშვნელოვანი ტიტულის მოგებას. კარგი იქნება თუ ეს ამ სეზონში მოხდება.
BBC – ჩვენი ურთიერთობა არის ის, რომლის მსგავსიც ნორმალურ სამყაროში იშვიათად ხდება. ჩვენს შორის არანაირი კონკურენცია არ ყოფილა, სრული ნდობა გვაქვს, ერთმანეთის გვიყვარს და ერთმანეთს ვაფასებთ.
„იუვეში“ დაბრუნება – პარიზში გატარებული ერთი წლის შემდეგ ეს გადაწყვეტილება ოჯახის გამოც მივიღე. წასვლის შემდეგ უფრო სრულყოფილი ადამიანი გავხდი, მადლობა პსჟ-ს, რადგან მათ გარეშე კარიერას დავასრულებდი. ამ პერიოდში ოჯახზე მუდმივად ფიქრი მიწევდა და ამიტომ, ტურინში დაბრუნება გადავწყვიტე მიუხედავად იმისა, რომ წინანდელისგან განსხვავებით მნიშვნელოვანი როლი გუნდში არ მაქვს. კმაყოფილი ვარ, ჩემი თანაგუნდელები ძალას მაძლევენ, რომ ისევ ვითამაშო.