მადრიდის „ატლეტიკო“ ტურინის „იუვენტუსის“ თავდამსხმელის კრიშტიანუ რონალდუს დასჯას ითხოვს. As-ის ინფორმაციით, მადრიდელები უეფას მიმართავენ და პორტუგალიელის დისკვალიფიკაციას მოითხოვენ.
საქმე ეხება ჟესტს, რომელიც რონალდუმ გააკეთა მადრიდელებთან გამარჯვების შემდეგ. საინტერესოა, რომ იგივე ჟესტის გამო მანამდე უეფამ „ატლეტიკოს“ მთავარი მწვრთნელი დიეგო სიმეონე მხოლოდ 20 ათასი ევროთი დააჯარიმა.
ამის ფონზე, რონალდუს დისკვალიფიკაციის მოთხოვნა თითქოს გადაჭარბებული ჩანს. თუმცა, შესაძლოა სანქცია უარესი გამოდგეს, რაც ერთ მატჩიან დისკვალიფიკაციას ითვალისწინებს.
„ატლეტიკომ“ წარმოადგინა ვიდეოჩანაწერები, რომელშიც ჩანს, რომ ამავე ეპიზოდში რონალდუ მადრიდელთა მისამართით ამბობს: „ბ***ს შვილები“.
შედეგად, შესაძლოა სწორედ ეს გახდეს დასჯის მიზეზი თუ უეფაში ჩათვლიან, რომ ეს იყო ძალადობის წახალისება. აღსანიშნავია, რომ ამ საკითხზე კომენტარი პაველ ნედვედმაც გააკეთა და განაცხადა, რომ რონალდუს დასჯა არასერიოზული მოთხოვნაა, რადგან მას არაფერი დაუშავებია.
ამ დროისთვის უეფას საქმის წარმოებაც არ დაუწყია.