ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა ანდრეა პირლომ „კროტონესთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა და გუნდში არსებულ სიტუაციაზე ვრცლად ისაუბრა.
„პორტუსთან“ ცუდად ვითამაშეთ, მაგრამ გამარჯვება და კარგი თამაში უნდა დავიბრუნოთ. მაგალითად, ნეაპოლში ცუდად არ გვითამაშია, იმის გათვალისწინებით, რომ მეტოქის საგოლე შანსების გარეშე წავაგეთ. ასე რომ, ფეხბურთელებისადმი ნდობა არსებობს და გასახდელში ხმის აწევა საჭირო არ ყოფილა, ისევე როგორც პრეზიდენტ ანიელის საქმეში ჩარევა საჭირო არ არის.
ახლა „კროტონესთან“ მატჩში სწორ გზას უნდა დავუბრუნდეთ, გამარჯვება ძალიან მნიშვნელოვანი იქნება. მილანური დერბი ფრედ თუ დასრულდება, ჩვენთვის ცუდი არ იქნება. „ინტერი“ ფავორიტია? არა ხარისხის გამო, ერთადერთი უპირატესობა ის აქვს, რომ ევროთასებზე არ თამაშობს და ნაკლებად დატვირთული კალენდარი აქვს.
ხვალ ბუფონი ძირითადში ითამაშებს, დიბალა ისევ არ არის ხელმისაწვდომი. მას კვლავ აქვს მუხლზე ტკივილი და უნდა დაველოდოთ. რემზი ხელმისაწვდომია, მაგრამ არ ვიცი ითამაშებს თუ არა ძირითადში და რომელ პოზიციაზეა. ბენტანკური ფიზიკურადაც უკეთედაა და გუნება-განწყობილებითაც. იგი გულგატეხილი იყო „პორტუსთან“ შეცდომის გამო, მაგრამ მე მას ვესაუბრე. არტური ისევ ტრავმირებულია, სიტუაცია უნდა შეფასდეს დღითიდღე. რა თქმა უნდა, გვაკლია, რადგან მას სხვებისგან განსხვავებული გარკვეული მახასიათებლები აქვს, მაგრამ შეგვიძლია მის ზონაში რემზი და ბენტანკური ვათამაშოთ ან თუნდაც, ფაჯიოლი. ხვალ ვეცდებით, საუკეთესო არჩევანი გავაკეთო კულუშევსკი? ისიც ბენტანკურის მსგავსად ცოტა იმედგაცრუებული იყო. გავაანალიზეთ ჩემპიონთა ლიგის შედეგი, ის იბრძოდა სწორი პოზიციის მოსაძებნად, მაგრამ ახალგაზრდაა და შეიძლება ეს მოხდეს. გარდა ამისა, „იუვეში“ პირველ სეზონს ატარებს, დიდ კლუბში, ეს მოქმედებს.
მორატა გამოჯანმრთელდა ძლიერი გრიპის შემდეგ, რამაც ბოლო დროს შეასუსტა. ხვალ ის აუცილებლად ითამაშებს, თუნდაც გარკვეული დროით. მაკკენი უკეთაა, მას ცოტა ტკივილი აქვს, მაგრამ ის კლდეა.
ბევრს ვთამაშობთ და დიდ ენერგიას ვხარჯავთ. 40 დღეში 15 თამაში ჩავატარეთ, პრაქტიკულად თვენახევარში ნახევარი ჩემპიონატი მატჩები ჩავატრეთ. ამიტომ, ნორმალურია, რომ არ იყოს 100%-ით მზადყოფნა ფიზიკურად ან გონებრივად.
საჯარიმო დარტყმები? ჯერ კიდევ არ გაგვიტანია ამ სეზონში, მაგრამ ეს ძალიან სასარგებლო კომპონენტია, განსაკუთრებით ისეთი მეტოქეების წინააღმდეგ, რომლებიც დაცვაში იკეებიან. რონალდუ ყოველდღიურად ვარჯიშობს, ამ ბოლოს დროს უკეთესად ურტყამს და უფრო მშვიდად არის. იგი დარწმუნებულია, რომ მოკლევადიან პერიოდში საჯარიმო დარტყმით გოლს გაიტანს“, – თქვა პირლომ.
შეგახსენებთ, რომ „იუვენტუსისა“ და „კროტონეს“ მატჩი 22 თებერვალს, თბილისის დროთ 23:45 საათზე დაიწყება.