პაულო დიბალასთვის გადამწყვეტი პერიოდი იწყება. არგენტინელი შემტევი 10 იანვრიდან უთამაშებელია, მაგრამ ტრავმა მოირჩინა და ხვალ „კროტონესთან“ ანდრეა პირლო მისთვის რამდენიმე წუთის მიცემას აპირებს.
გასულ სეზონშ პაულო „იუვეს“ MVP იყო, წელს კი ტრავმების გამო პრაქტიკულად მისი შესაძლებლობები პირლომ ვერ გამოიყენა. როდესაც ფორმაში შედიოდა სეზონის მძიმე დასაწყისის მერე, ტრავმა მიიღო. ცხადია, ის დიდი დანაკლისია და საინტერესო იქნებოდა იმის ნახვა, სად იქნებოდა „ინტერი“ ლაუტარო მარტინესი ამდენი ხანი რომ გამოკლებოდა.
პირლოს და „იუვეს“ სჭირდება დიბალას გოლები, საგოლე პასები, საჯარიმო დარტყმები და ფანტაზია, რადგან „ლა ჯოია“ არის ის, ვინც ფეხბურთს ქმნის.
გარდა ამისა, დიბალასთვის გადამწყვეტი პერიოდი იწყება. მას სწორედ სეზონის ბოლომდე აქვს დრო, რომ კლუბის ხელმძღვანელობა ახალი კონტრაქტის გაფორმებაში დაარწმუნოს. არგენტინელის ხელშეკრულება 2022 წელს იწურება და თუ ზაფხულამდე ის არ განახლდება, „იუვენტუსს“ მისი გაყიდვა ნამდვილად მოუწევს, რომ შემდგომ უფასოდ არ დაკარგოს მოთამაშე, რომელიც საკმაოდ ძვირად ფასობს.
ამდენად, ახლა საკითხი მხოლოდ ასე დგას: დიბალა შეძლებს ფორმაში შესვლას, ათამაშებას და ახალი კონტრაქტის მოპოვებას ან ეს სეზონი მისთვის შავ-თეთრებში ბოლო გამოდგება.
მიმდინარე სეზონში დიბალამ ყველა ტურნირზე მხოლოდ 16 მატჩი ჩაატარა და 3 გოლი გაიტანა, ხოლო მთლიანობაში „იუვენტუსში“ მის ანგარიშზე 244 თამაშში 98 გოლია.