ტურინის „იუვენტუსის“ მცველმა ალექს სანდრომ „ტრიესტინასთან“ (1:0) ამხანაგური მატჩის შემდეგ კომენტარი გააკეთა. ბრაზილიელი ფეხბურთელის განცხადებით, მაურიციო სარის სტილი განსხვავებულია მასიმილიანო ალეგრისგან, მაგრამ ფეხბურთელებმა უკვე მოახერხეს ახალ სტილზე გადაწყობა.
„მოუთმენლად ველოდებით სეზონის დაწყებას. სარი ალეგრისგან განსხვავებულია, მაგრამ უკვე გვაქვს მისი მენტალიტეტი, ვიცით რა უნდა გავაკეთოთ. უნდა გავაუმჯობესოთ თამაში, მაგრამ სწორ გზაზე ვდგავართ.
სარი ითხოვს, რომ ბურთი რაც შეიძლება დიდხანს გვქონდეს, მაგრამ შემდეგ მთავარი თამაშის მოგებაა და ეს ყოველთვის იყო ჩვენს მენტალიტეტში. გუნდი ტექნიკურად და ფიზიკურად კარგადაა, თუმცა მოსამატებელიც გვაქვს.
სკუდეტო? „ინტერი“ და „ნაპოლი“ გამარჯვებისთვის იბრძოლებენ, ამიტომ ჩვენთვის რთული იქნება ტიტულის დაცვა, მაგრამ მიზანიც ესაა“, – თქვა ალექს სანდრომ.