ტურინის „იუვენტუსის“ ყოფილი მეკარე ჯანლუიჯი ბუფონი, რომელიც ამჟამად „პარმაში“ თამაშობს, Bobo TV-ის სტუმარი იყო. ეს არის გადაცემა, რომელიც კრისტიან ვიერის, ანტონიო კასანოს, დანიელე ადანის და ნიკოლო ვენტოლას მიჰყავთ.
ჯიჯიმ სწორედ მათ შეკითხვებს უპასუხა და არაერთი საინტერესო ამბავი გაიხსენა.
კასანოს „იუვეში“ გადაბირებაზე: „ვცდილობდი კასანოს „იუვეში“ მოყვანას. მას კარგად ვიცნობ, მიყვარს, თავისი გამოხტომებით, ჩემი აზრით, ის ძალიან ნიჭიერი იყო და იმსახურებდა „იუვეში“ თამაშს, რაც მისთვის კარგი იქნებოდა. ჩვენთან ერთად ყოფნა მას უკეთესს გახდიდა და უკეთესი კარიერა ექნებოდა. ვფიქრობ, რომ გარკვეულ ადამიანებს პატივს სცემდა და „იუვეში“ რამდენიმე წელი გაძლებდა“, – თქვა ბუფონმა, რაზეც კასანომ უპასუხა: „ყველა ცდილობდა ჩემს დაყოლიებას, გარდა დელ პიეროსი, მერწმუნეთ“. – ამაზე ბუფონი ანტონიოს არ დაეთანხმა, თავი გააქნია, მაგრამ არაფერი უპასუხა.
იბრაჰიმოვიჩის გოლი ევრო 2004-ზე იტალიის ნაკრებთან: „მუშტით ვცდილობდი ბურთის მოგერიებას, მან კი პოზიცია მომიგო, წონასწორობა შეინარჩუნა, წარმოუდგენელი რამ გააკეთა, ჯადოქრობა იყო. ალბათ, ნიჭის მხრივ, ევრო 2004-ზე უკეთესი გუნდი გვყავდა, ვიდრე 2006 წელს, მაგრამ მსოფლიოს ჩემპიონატზე გვქონდა ერთიანობა და მუხტი, რაც ევროპის ჩემპიონატზე გვაკლდა. მაინც ვფიქრობ, რომ იმ თაობას შეგვეძლო ისეთი ციკლი გვქონოდა გამარჯვებების, როგორიც ესპანეთს ჰქონდა, მაგრამ გამოცდილება დაგვაკლდა“.
2026 წლის მუნდიალზე თამაში: „მომავალი მსოფლიოს ჩემპიონატი? არა! ასეთი ტიპის მიზანზე არც ვფიქრობ, ცხოვრება გიგზავნის მესიჯებს და უნდა იცოდე, როგორ მიიღო ისინი, თუნდაც, სამწუხარო იყოს ჩემთვის ამის თქმა. ჩემთვის მეექვსე მუნდიალი უნიკალური მიღწევა იქნებოდა, მაგრამ რაც მოხდა, მოხდა. ჩემი კარიერიდან გამომდინარე შეიძლებოდა 7 მუნდიალზე ვყოფილიყავი, შესაძლოა, ყველაზე პირველ მეკარედ არა, მაგრამ ზოგიერთზე მეორე მეკარედ ყოფნა შემეძლო, რადგან თუ გავითვალისწინებთ, რომ 5 მუნდიალზე ვიყავი, ბოლო ორზე კი იტალია ვერ გავიდა“.
აწმყოზე: „ახლაც შემიძლია სეზონში 15-20 თამაშის ჩატარება მაღალ დონეზე, ამაში ეჭვი არ მეპარება, ამას ვგრძნობ. გრძელვადიან პერსპექტივაში კი, მთელი სეზონის ჩატარება რთული იქნება, ალბათ 20 დღეც ვერ გავძლებდი, ყველაფერს აქვს დასაწყისი და დასასრული“.
კარიერის დასრულებაზე: „მაქვს ენთუზიაზმი, თუ გარკვეული პროექტის მჯერა, შემიძლია გავაგრძელო კარიერაა. ჩემი იდეაა, რომ კარიერა დავასრულო არაუგვიანეს მომდევნო სეზონის შემდეგ, მეტის თამაშს არ ვაპირებ. კონკურენტუნარიანი ვარ, არ მინდა, მეორე მეკარედ განვიხილებოდე. მოედანზე ყოველთვის საკუთარი თავის გასაუმჯობესებლად გავდივარ.
ყველა დროის საუკეთესო მეკარე: „არ მომწონს ეს სტატუსი და არც ვფიქრობ, რომ ასეა. კარგად ვიცნობ სპორტს და ფეხბურთს. წლების განმავლობაში მომიწია უძლიერეს მეკარეებთან ურთიერთობა. ბევრს არ გაუმართლა. მაგალითად, პეტრ ჩეხი ძალიან ძლიერი იყო, ისტორიაში ერთ-ერთი საუკეთესო, მაგრამ ისეთ ნაკრებში თამაშობდა, საერთაშორისო წარმატების შანსი არ ჰქონდა. მაგალითად, ობლაკი, რომელიც ძალიან ძლიერია, მაგრამ სლოვენიის ნაკრებით ნაკლებად ჩანს. მე რომ ზამბიიდან ვყოფილიყავი, იგივე იქნებოდა, ჩემი შესაძლებლობები იგივე იქნებოდა, მაგრამ ყველა დროის საუკეთესო მეკარედ არ შემაფასებდნენ“.
„ოქროს ბურთის“ ვერმოგებაზე: „მხოლოდ შეშლილს შეეძლო ჩემს ადგილას იმ კონკრეტულ მომენტში სერია B-ში სათამაშოდ დარჩენა, რადგან მსოფლიოში პირველ მეკარედ განვიხილებოდი. იცით რა არის? ჩემი არჩევანი არასდროს ყოფილა ნაკარნახევი გამარჯვების სურვილით. არ ვფიქრობ, რომ „ოქროს ბურთი“ ამის გამო დავკარგე. ფაბიომ (კანავარო – რედ) მოიგო და დაიმსახურა, განსაკუთრებით იმის გამო, რაც მსოფლიოს ჩემპიონატზე გააკეთა მოედანზე და გასახდელში, როგორც კაპიტანმა. მაშინ მეორე ადგილზე გავედი, ფაბიო იმსახურებდა ამ ჯილდოს, თუმცა, შემიძლია ვთქვა, რომ 2002-2003 წლების სეზონში უსამართლობის შეგრძნება დამრჩა: მაშინ სტრატოსფერული სეზონი მქონდა, ჩემპიონთა ლიგის სეზონის არა მარტო საუკეთესო მეკარედ, არამედ ფეხბურთელად დამასახელეს, „ოქროს ბურთის“ გამოკითხვაში კი მხოლოდ მე-7 თუ მე-8 ადგილზე გავედი (რეალურად მე-8 ადგილი დაიკავა – რედ). ეს ნამდვილი სკანდალი იყო. მაშინ ნედვედმა მოიგო „ოქროს ბურთი“ და პაველიც იმსახურებდა, უბრალოდ იმას ვამბობ, რომ ჩემპიონთა ლიგის სეზონის საუკეთესო ფეხბურთელი გავხდი, არც მანამდე და არც მას შემდეგ, ეს ჯილდო მეკარეს არ მოუგია, „ოქროს ბურთზე“ კი უფრო მაღალ პოზიციას ვიმსახურებდი“.
მშრალი სერიის რეკორდი: „ასეთი რამის გაკეთება შესაძლებელია, თუ „იუვეს“ მსგავს გუნდში თამაშობ. მადლობა უნდა გადავუხადო ყველა ჩემს თანაგუნდელს, იმ კლუბებში, სადაც ვითამაშე, მიზნების მიღწევაში დამეხმარნენ“.
იტალიის ნაკრებში დაბრუნება: „ეს ყველაზე დიდი შეცდომა იქნებოდა, ამჟამად კარგი მეკარეები გვყავს და მათ ზრდას ხელს შევუშლიდი, ამაზე არ ვფიქრობ“.
მომავალი: „მინდა გავაკეთო ის, რასაც ახლა ვაკეთებ, ვიყო ბედნიერი ჩემს გარშემო მყოფი ადამიანებით. მომწონს ბევრი რამ ფეხბურთის სამყაროში, მაგრამ მწვრთნელობა არა. შესაძლოა, სპორტული დირექტორი ვიყო, პაოლო მალდინის როლი ძალიან მომწონს, ის კარგად მუშაობს და ეს შედეგებიდანაც ჩანს“.
„პარი სენ ჟერმენზე: „ეს იყო ჩემს ცხოვრებაში საუკეთესო გამოცდილება. იმ კუთხით ვამბობ, რომ იტალიის გარეთ პირველად ვითამაშე. ალბათ, ყველაზე დიდი შეცდომა დავუშვი, როცა პსჟ დავტოვე, 41 წლის ასაკში 10 მილიონ ევროზე ვთქვი უარი, სიგიჟე იყო. მათ სურდათ ალფონს არეოლას ეთამაშა, მე კი ამას ვერ შევეგუებოდი. მეორე მეკარეობას დავთანხმდებოდი მხოლოდ სახლში, „იუვეში“, რაც გავაკეთე კიდეც და დავბრუნდი. მეორე მეკარის როლს, მხოლოდ „იუვეში“ დავთანხმდებოდი, სხვაგან არსად. შვილები ახლაც მეკითხებიან, რატომ დავტოვეთ პარიზი, იქ თავს თავისუფლად ვგრძნობდი, დავდიოდი მუზეუმებში, ვლაპარაკობდი ფრანგულად. რაც პსჟ-ში ვნახე, ვეღარასდროს ვნახავ. ეს იყო ტექნიკურად ყველაზე ძლიერი გუნდი, რომელშიც მითამაშია, მაგრამ რაც პსჟ-ს აკლდა, „იუვესთვის“ დამახასიათებელი დამოკიდებულებაა. მქონდა განცდა, რომ უძლიერეს გუნდში ვიყავი. „მანჩესტერთან“ მარცხი ალბათ ჩემი კარიერის ყველაზე დიდი სინანულია. პირველი მატჩი 2:0 მოვიგოთ, ძალიან იოლად, დავსეირნობდით. შეიძლება, „იუვესაც“ მოეგო ასეთ გუნდთან გასვლაზე, მაგრამ მძიმედ, ალბათ, ჯორჯონე იომებდა მოედანზე, გასისხლიანდებოდა (იღიმის – რედ). მეორე მატჩი კი შინ წავაგეთ და გავვარდით, მგონი, ბაშვებს ვეთამაშებოდით, “მანჩესტერს” პრიმევარა ჰყავდა გამოყვანილი, მაგრამ მოგვიგეს, რადგან პსჟ-ს სწორედ ეს აკლდა, ემოცია, დამოკიდებულება, მოტივაცია, რაც „იუვეს“ ჰქონდა. სწორედ პარიზში მივხვდი რამდენად ძლიერია ვერატი, მანამდე ვერ ვხვდებოდი, რა იყო მასში განსაკუთრებული. ტომას ტუხელი ძალიან ჭკვიანი ადამიანია, რომელიც კარგად მართავს გასახდელს“.
„იუვეში“ გადასვლა 2001 წელს: „პარმას“ პრობლემები დაეწყო, სკუდეტოს მოგებაზე ოცნებაც აღარ შეიძლებოდა და კლუბი უნდა შემეცვალა. „იუვე“ არის გუნდი, სადაც თავის დროზე შევძელი გარკვეულ დონეზე ასვლა. უკეთეს არჩევანს ჩემი კარიერისთვის ვერ გავაკეთებდი, ეს არჩევანი, რომ „იუვეში“ მეთამაშა, მამაჩემმა და ჩემმა აგენტმა გააკეთა. მახსოვს, მაშინ, „რომა“ და „ბარსელონაც“ დაინტერესებული იყვნენ, მე მზად ვიყავი „ბარსელონაში“ გადასასვლელად, მაგრამ მამაჩემმა „იუვე“ მირჩია. მაშინ გუნდს რამდენიმე წელი სკუდეტო არ ჰქონდა მოგებული, მითხრა, რომ ეს დიდხანს ვერ გაგრძელდებოდა, რადგან შეუძლებელია „იუვემ“ 10 წელი ისე გაატაროს, რომ ვერაფერი მოიგოს, ამიტომ, მიაჩნდა, რომ „იუვენტუსში“ სწორ დროს გადავდიოდი, ახალი გუნდი შენდებოდა, რომელიც ტიტულებს მოიგებდა და უკეთეს არჩევანს მართლაც ვერ გავაკეთებდი. პარმა ჩემთვის პროვინციული სამყარო იყო, ჩემი სამყარო, „იუვეში“ კი სულ სხვა სამყარო დამხვდა. ტურინის განსხვავებული ქალაქია, ამიტომ, საწყისი 5-6 თვე გამიჭირდა, მერე შევეჩვიე და მივხვდი, რომ ეს ჩემი ბედი იყო. „იუვეში“ ჩამომიყალიბდა აზროვნება და პროფესიონალიზმი, რომელიც მანამდე არ მქონდა“.
დღევანდელ „იუვეზე: „ახლა გუნდში არის გარკვეული სირთულეები, მაგრამ „იუვე“ რეაგირებს „იუვეს“ შესაფერისად. 15 ქულის დაკლებამ ვფიქრობ, გუნდი უფრო გააერთიანა და შეკრა, რჩება კომპაქტურობის შთაბეჭდილება, რაც მანამდე ნაკლებად ჩანდა. ფეხბურთელებმა გადაწყვიტეს, რომ გაერთიანებულიყვნენ უსამართლობის წინააღმდეგ. დაბალი ლიგების მატჩებს ვუყურებ, ხანდახან ჩემპიონთა ლიგას და ნაკლებად სერია A-ს, თუმცა „იუვე“ – „ინტერის“ მატჩს ვუყურე“.
მასიმილიანო ალეგრის შესახებ: „ალეგრი არ არის დაცვითი და კატენაჩოს მიმდევარი მწვრთნელი. ის ფეხბურთელებს მოედანზე თავისუფლებას და ინტერპრეტაციის საშუალებას აძლევს. ის ფეხბურთელებს ეყრდნობა, ნეიმარის მსგავსი ფეხბურთელისთვის ალეგრისთან მუშაობა სასიამოვნო იქნება. ზოგადად, დაცვა ყოველთვის იყო ჩვენი მახასიათებელი, მაგრამ როცა ძლიერი გუნდების წინააღმდეგ ვთამაშობდით, ყოველთვის ბრწყინვალე მატჩებს ვთამაშობდით. ასე მოხდა გუშინ „ინტერის“ წინააღმდეგაც. გარდა ამისა, თამაშის შემდეგ მაქსს მოვუსმინე და ძალიან მომეწონა მისი კომენტარები. ის არის ერთ-ერთი იშვიათთაგანი, რომელიც არასდროს ეძებს საბაბებს, სხვები ყოველთვის წუწუნებენ, ალეგრი არასდროს, მას 7 ტრავმირებული ფეხბურთელი რომ აკლდეს, ამას არასდროს ახსენებს“.
მაურიციო სარის „იუვეში“ მუშაობაზე: „ვიცი, რამაც არ იმუშავა და ვთქვი კიდეც მაშინ, ვინ იყო პასუხისმგებელი. სამწუხაროდ, ხანდახან არჩევანის გასაკეთებლად ვინმეს უნდა დაუპირისპირდე, რომ დაიცვა შენი არჩევანი. კარგად მახსენდება სარისთან მუშაობა, ვცდილობდი ჩემი პატარა წვლილით დავხმარებოდი. რაღაცამ არ იმუშავა, ამაზე ვერ ვისაუბრებ, მაგრამ შეიძლებოდა ემუშავა“.
ყველაზე ტექნიკური იტალიელი ფეხბურთელები, ვისთანაც უთამაშია: „რიგითობით არ დავალაგებ, უბრალოდ ვიტყვი, რომ ასეთები იყვნენ პირლო, ტოტი, დელ პიერო, რობერტო ბაჯო, კასანო და დი ნატალე… დი ნატალე საოცარი იყო, დაუფასებელი, ახლაც მახსოვს „კატანიას“ გამაგიჟებელი გოლი გაუტანა, მხოლოდ მესი, ნეიმარი ან რონალდუ რომ გაიტანდა. მას ხშირად აკრიტიკებდნენ, მაგრამ იტალიაში ფეხბურთი საერთოდ არ ესმით, ამას მაშინ მივხვდი, როდესაც იტალიის ნაკრებში მოთამაშე ტიაგო მოტას აკრიტიკებდნენ, რომელიც პოზიციონირების მხრივ, გასაოცარი ფეხბურთელი იყო“.
„ნაპოლის“ შესახებ: „სპალეტიმ ჯერ კიდევ „რომაში“ მუშაობის წლებიდან აჩვენა, რომ რაღაც განსხვავებული ჰქონდა. ამბობენ, რომ სეზონის გარკვეულ ეტაპზე მისი გუნდები რელსებიდან გადადიან, მაგრამ ამ ჭორების ნაკლებად მჯერა. სიმართლე ისაა, რომ რასაც წელს ვუყურებ, „ნაპოლი“ იტალიური ფეხბურთისთვის უნიკალური გამოფენაა. საზღვარგარეთ ხედავენ გუნდს, რომელიც სიამოვნებას იღებს და ნამდვილ ფეხბურთს თამაშობს, ჩემი აზრით, მეტოქეებში შიშსაც იწვევს. ღვთიური თავდამსხმელ ოსიმენთან, კვარაცხელიასთან ერთად, ეს არის გუნდი, რომელიც ისეთ თამაშს აჩვენებს, როგორიც იტალიაში არ ყოფილა. რაღაც მსგავსი ალბათ იყო სარის „ნაპოლისგან“, მაგრამ ეს გუნდი უფრო ამაღელვებელია. ისინი ყველა თამაშს მარტივად იგებენ, თუმცა, ცხადია, როდესაც 20-ქულიანი უპირატესობა გაქვს, ეს გეხმარება. ჩემპიონთა ლიგაზე ჩემი აზრით წილისყრაში გაუმართლა, რადგან იტალიურ გუნდს შეხვდება. ამიტომ, ამ მატჩს ისე მიუდგება, თითქოს სერია A-ს თამაში იყოს. ეს საკუთარ თავზე მაქვს გამოცდილი, როდესაც ჩემპიონთა ლიგის ფინალში „მილანთან“ ვითამაშე. მატჩამდე ძალიან მშვიდად ვიყავი, რადგან ყველა ფეხბურთელს ვიცნობდი. ჩემი აზრით, „ნაპოლის“ შეუძლია ფინალში გასვლა და ბედნიერი ვიქნები“.
შეგახსენებთ, რომ ჯანლუიჯი ბუფონმა „იუვენტუსში“ 2001-2018, 2019-2021 წლებში ითამაშა და 685 მატჩი ჩაატარა. „ბიანკონერიში“ მასზე მეტჯერ მხოლოდ ალესანდრო დელ პიეროს უთამაშია (705 შეხვედრა).