მთავარი / სიახლეები / სერია A / ადრიენ რაბიო: “იუვეში” დარჩენა მინდა, -15 ქულითაც შეგვიძლია ოთხეულში მოხვედრა”

ადრიენ რაბიო: “იუვეში” დარჩენა მინდა, -15 ქულითაც შეგვიძლია ოთხეულში მოხვედრა”

ტურინის „იუვენტუსის“ ფეხბურთელმა ადრიენ რაბიომ Tuttosport-ს ვრცელი ინტერვიუ მისცა, რომელშიც მან ბევრ თემაზე ისაუბრა. ფრანგმა ფეხბურთელმა თქვა, რომ ტურინში თავს ბედნიერად გრძნობს და კონტრაქტის გახანგრძლივებას არ გამორიცხავს.

თუმცა, აღნიშნა, რომ ჯერ ამ თემაზე არ უსაუბრიათ. ასევე რაბიოს აზრით, ჩემპიონთა ლიგაზე გასვლა „იუვეს“ დაკლებული 15 ქულის მიუხედავად მაინც შეუცვლია.

ადრიენ მოდი, თავიდან დავიწყოთ. საიდან დაიწყეთ ფეხბურთის თამაში?

– დაახლოებით 6 წლის ასაკში კრეტეილის კლუბში დავიწყე, პარიზის გარეუბანში. შემდეგ ინგლისში წავედი ჩემს ერთ-ერთ ძმასთან და დედაჩემთან ერთად, წელიწადზე ნაკლები დავრჩი იქნებ და მერე საფრანგეთში დავბრუნდი. 13 წლის ვიყავი, ჯერ პოში ვთამაშობდი, 15 წლის ასაკში კი პსჟ-მ წამიყვანა.

– რომელ გუნდს ქომაგობდით და ვინ იყო თქვენი კუმირი?

– ძალიან მომწონდა „ლივერპული“, სტივენ ჯერარდის ფანი ვიყავი, ჩემი მეორე კუმირი ზიდანი იყო.

– ყოველთვის ნახევარდაცვაში თამაშობდით თუ სხვა პოზიციაზე დაიწყეთ თამაში?

– როცა პატარა ვიყავი, უფრო წინ ვთამაშობდი, 10 ნომრის პოზიციაზე, ერთგვარი ფლეიმეიქერი ვიყავი. შემდეგ კლასიკური ნახევარმცველი, მაგრამ შეტევაში ჩართვა მომწონს.

– „გიჟურ ცხენს“ გეძახიან, რჩება შთაბეჭდილება, რომ ეს მეტსახელი მოგწონთ…

– უცნაურია, რომ ეს მეტსახელი შემარქვეს, მაგრამ ძალიან მომწონს. ნამდვილად მშვიდი და წყნარი ბიჭი ვარ. თუმცა, მოედანზე გარდავიქმნები და ამიტომ მომწონს ცხენთან შედარება, რომელიც არის ცხოველი, რომელიც თავისუფლად, მტკიცედ და ელეგანტურად დარბის.

– „იუვენტუსში“ 4 სეზონის შემდეგ ერთ-ერთ დასაყრდენად იქეცით. რა არის ამ კლუბის თავისებურება სხვებთან შედარებით?

– ის, რომ საფუძველი ყოველთვის შრომაა და ეს მომწონს, რადგან მეც ყოველთვის ვცდილობ მუშაობას, საკუთარი თავის გამოვლენას, ეს არის ნამდვილი მიზეზი, რამაც აქამდე მომიყვანა. ჩემთვის შრომა ყველაფრის საფუძველია და ამიტომ, „იუვენტუსი“ სხვა კლუბებისგან გამოირჩევა. სხვა იტალიურ გუნდში არ მითამაშია, მაგრამ არა მგონია, „იუვენტუსის“ მსგავსი სხვა არსებობდეს.

– როგორ ხედავთ თქვენს მომავალს და როდის აპირებთ ამაზე საუბარს?

– ამ დროისთვის სიახლე არ არის, მაგრამ რა თქმა უნდა, მალე ვისაუბრებთ, რადგან დაახლოებით ორ თვეში სეზონის დასრულდება და ვეცდებით ეს საკითხი განვიხილოთ. თუმცა, მშვიდად ვარ, არსებობს „იუვესთან“ კონტრაქტის გაფორმების შანსი ყველა იმ მიზეზის გამო, რაც ადრე დავასახელე. ტურინში თავს კარგად ვგრძნობ, კარგად ვთამაშობ და კარგი ურთიერთობა მაქვს ხელმძღვანელებთან, თანაგუნდელებთან და მწვრთნელთან. ალეგრი ძალიან დამეხმარა, ამ ორ სეზონში დიდი ნდობა გამომიცხადა. მჯერა, რომ ეს ყველაფერი მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ თავი კარგად ვიგრძნო და შესაბამისად, სწორი არჩევანი გავაკეთო ჩემი მომავლისთვის.

– რისი გაუმჯობესება გსურთ, როგორც ნახევარმცველს?

– სტატისტიკა აჩვენებს, რომ ვუმატებ. არის სხვა ასპექტებიც, სადაც უკეთესად თამაში შემიძლია, მაგალითად შორეული დარტყმები. თუმცა, ვაჩვენე, რომ სრულყოფილი მოთამაშე ვარ. ცხადია, კიდევ უფრო მეტის გაკეთება შემიძლია და იმ დონის ამაღლება, რაზეც უკვე ვარ.

– რამდენად იგრძნობა გამარჯვების სურვილი „იუვეს“ გასახდელში და როგორ გრძნობ თავს წრეში, როდესაც მატჩის დაწყებამდე რამდენიმე წამით ადრე მთელი გუნდი მოედნის ცენტრში იკრიბებით?

– შემიძლია დავადასტურო, რომ გუნდში გამარჯვების დიდი სურვილია, იმიტომ, რომ ეს „იუვეს“ სულისკვეთებაა. ბევრი მოვიგე ტურინში ჩამოსვლამდე, მაგრამ „იუვემაც“ ბევრი მოიგო ჯერ კიდევ ჩემს მოსვლამდე. კლუბის დნმ ნათელია და ყველას გვსურს ის გვქონდეს, რათა სხვა ფეხბურთელებს გადავცეთ, რომლებიც გუნდში ჩვენს შემდეგ მოდიან. მართალია, რთული სეზონი გვაქვს ყველასთვის ცნობილი მიზეზების გამო, მაგრამ მჯერა, რომ შეგვიძლია ევროპა ლიგისა და იტალიის თასის მოგება. მართალი გითხრათ, ამ პირობებში წარმატება კიდევ უფრო სასიამოვნო იქნება.

– გჯერათ თუ არა, ჩემპიონთა ლიგის საგზურის მოპოვების სერია A-ს გზით თუ ნაკლებად რთული ევროპა ლიგის მოგებით იქნება?

– 15 ქულის გარეშეც, რა თქმა უნდა, შეგვიძლია ოთხეულში მოხვედრა. გულწრფელად რომ ვთქვათ, როგორც სეზონის მეორე ნაწილში ვთამაშობთ და ამ გუნდის სიძლიერის გათვალისწინებით, შეგვიძლია ჩემპიონთა ლიგაზე გასვლა თუნდაც ქულების დაკლების სასჯელი ძალაში დარჩეს. მჯერა, რომ ახლა მეორე ადგილზე ვართ, რადგან მოედანზე ქულები ასე მოვიპოვეთ. გარდა ამისა, ვიცით, რომ ევროპა ლიგის მოგებით ჩემპიონთა ლიგის საგზურს ავტომატურად მოვიპოვებთ.

– „იუვენტუსი“ ასევე იბრძვის იტალიის თასისთვის. გჯერათ თუ არა, საბოლოო წარმატების ამ ტურნირზე და როგორი „ინტერი“ ნახეთ კვირას გამართულ მატჩში?

– სიმართლე თუ უნდა ვთქვა, კვირას ისეთი შთაბეჭდილება დამრჩა, რომ ნაკლებად ძლიერი „ინტერი“ იყო, ვიდრე ის, რომელსაც პირველ წრეში ტურინში ვეთამაშეთ, ასევე უფრო ძლიერი ჩანდა, ვიდრე შარშან ან ორი წლის წინ იყო. ისეთი შეგრძნება მქონდა, რომ თავს ნაკლებად დაცულად გრძნობდნენ. სერია A-ში მათ ამ სეზონში ბევრი თამაში წააგეს.

– კვირას შესანიშნავად ითამაშეთ და კოსტიჩს გოლის გატანაში დაეხმარეთ. თუმცა, ბევრი ამბობს, რომ საბოლოო პასამდე ხელით ითამაშეთ. საფრანგეთშიც ასეთი პოლემიკა იქნებოდა მედიის მხრიდანაც?

– აბსოლუტურად არა. იტალიაში მივხვდი, რომ ყოველთვის ასეა, როცა რაღაცას შეუძლია დისკუსია გამოიწვიოს, ამაზე ბევრს და დიდხანს საუბრობენ. ჩვენთან პირიქით, ნაკლებად. თუმცა, მესმის, რადგან იტალიაში ფეხბურთი რელიგიაა და ის ადამიანების ცხოვრების მნიშვნელოვან ნაწილს წარმოადგენს. ასე რომ მესმის, რატომ ლაპარაკობენ ასე ბევრს იმაზე, რაც მოედანზე ხდება.

– ევროპა ლიგის მეოთხედფინალში ხართ. შეგვიძლია ვთქვათ, რომ ამ თასის მოგება თქვენი პრიორიტეტული მიზეზია მიმდინარე სეზონში?

– ყველა ფრონტზე კონცენტრირებული ვართ და ცხადია, რომ ევროპა ლიგის მოგება გვინდა.

– ევროპა ლიგაზე თავს ფავორიტად მიიჩნევთ?

– ფავორიტად არა, რადგან ჯერ კიდევ ბევრი ძლიერი გუნდია ტურნირზე, მაგრამ გვინდა, რაღაც მნიშვნელოვანს მივაღწიოთ. თუ გადავხედავთ ბოლო კვირებში ჩვენს თამაშს, არ შემიძლია არ მქონდეს რწმენა, რომ შეგვიძლია, როგორც ევროპა ლიგის, ისე იტალიის თასის მოგება.

– იტალიის თასის მოსაგებად პირველ რიგში ნახევარფინალში „ინტერის“ დამარცხება იქნება საჭირო, რომელიც აპრილში გაიმართება. როგორც ფიქრობთ, „იუვე“ ფავორიტია?

– უნდა გამოვიყენოთ ის გარემოება, რომ „ინტერი“ მიმდინარე სეზონში ორჯერ დავამარცხეთ. ასე რომ, წმინდა ფსიქოლოგიური კუთხით, ეს შეიძლება მცირე უპირატესობა იყოს. თუმცა, ორივე გუნდი ტექნიკურად თითქმის ერთი დონისაა.

– თქვენ გყავთ ორი ძმა, რომლებიც ტურინში თამაშებს ესწრებიან, ასევე დედათქვენი. რამდენად მნიშვნელოვანია ოჯახი ადრიენის ცხოვრებაში?

– პასუხი ძალიან მარტივია. ჩემთვის ოჯახი აუცილებელია, რომ თავი კარგად ვიგრძნო, შესაბამისად, საუკეთესოდ ვითამაშო და მშვიდად ვიცხოვრო.

– რა უპირატესობაა, როცა თქვენი აგენტი დედათქვენია?

– ეს დამოკიდებულია იმაზე, თუ რა სახის ურთიერთობა გაქვთ. ყველას არ შეუძლია დედა ჰყავდეს აგენტად. ჩვენ ძალიან ახლო ურთიერთობა გვაქვს, თუნდაც იმიტომ, რომ წარსულში ოჯახური პრობლემები გვქონდა, რამაც უფრო გაგვაერთიანა. ჩემი ნამდვილი დასაყრდენია. დედაჩემთან ერთად ვიცი, როგორ გავყო პირადი, პროფესიული და სპორტული ურთიერთობა.

ვინ არის ფეხბურთელი, რომელმაც სერია A-ში თქვენზე ყველაზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა ამ 4 წლის განმავლობაში?

– ამ სეზონის მიხედვით ვიქტორ ოსიმენი. „ნაპოლის“ თავდამსხმელი ძალიან კარგად თამაშობს და წინა წლებთან შედარებით ძალიან მოუმატა. საფრანგეთში თამაშის დროს ჩანდა, რომ დიდი პოტენციალი ჰქონდა, მაგრამ ახლა თავის შესაძლებლობებს კარგად გამოხატავს. თუმცა, როდესაც იტალიაში ჩამოვედი, დიბალას გამოვარჩევდი. პაულოს განსხვავების შექმნა შეუძლია.

– რა მოგწონთ მასიმილიანო ალეგრიში?

– მჯერა, რომ ალეგრის მართლაც ბევრი თვისება აქვს. ჩემი აზრით, მან კარგად იცის ჯგუფის მართვა და ხანდახან ფეხბურთელებს მამასავით მიმართავს. მას აქვს უნარი იცოდეს, როგორ მიუდგეს საუკეთესოდ ფეხბურთელს, გუნდის ყველა წევრს და ასევე გაიგოს მათი ფსიქოლოგიური თვისებები. მაქსიმალური სირთულის ან ზეწოლის მომენტებშიც კი მან ყოველთვის იცის, როგორ მოძებნოს სწორი სიტყვები, გვაიძულებს არასდროს დავნებდეთ, შეუძლია შენიღბოს ნებისმიერი დაძაბულობა.

– იტალიაში ცხოვრების ოთხი წლის შემდეგ რა მოგწონთ ყველაზე მეტად იტალიელ ხალხში?

– ფრანგი ვარ და შეიძლება განსხვავებული ხედვა მაქვს თქვენგან, მაგრამ ძალიან თბილი ხალხი ხართ. ბევრად მეტი, ვიდრე მაგალითად ფრანგები.

– რა არის თქვენი საყვარელი ჰობი?

– მიყვარს გადაცემების ყურება, რომლებიც სპორტზეა. MMA-ს ბრძოლებიდან ჩოგბურთამდე და მძლეოსნობამდე. მომწონს, რადგან მიყვარს სპორტი და ასევე მეხმარება იმაში, რომ რაღაც ნიუანსებს გავეცნო და ფეხბურთში გადავიტანო.

შეგახსენებთ, რომ ადრიენ რაბიომ მიმდინარე სეზონში ყველა ტურნირზე ჩატარებულ 33 შეხვედრაში 9 გოლი გაიტანა და 5 საგოლე პასი გააკეთა.

შემთხვევითი სიახლე

ალეგრი: “ფაჯოლი არ არის დამნაშავე, ყველანი დამნაშავეები ვართ”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მარცხის (0:1) შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც მან განაცხადა, …

ალეგრი: “სოუზას კომენტარს პატივისცემა აკლდა”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა. როგორც იტალიელმა სპეციალისტმა აღნიშნა, …