ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „მილანთან“ მატჩამდე პრესკონფერენცია გამართა. ალეგრიმ თქვა, რომ ეს თამაში „როსონერისთვის“ უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე „იუვესთვის“.
„ეს არის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მატჩი, თუ არა ყველაზე მნიშვნელოვანი. საჭიროა კარგად თამაში, რადგან მხოლოდ ერთი ქულა გვაქვს მოპოვებული. „მილანი“ წელიწადნახევარია კარგად თამაშობს, ავტორიტეტით და თავდაჯერებულად. ისინი თითქმის სამი წელია ერთად თამაშობენ. ჩვენ ვიზრდებით და ბოლო დღეებში ყველანი ერთად ვართ, მაგრამ ხვალინდელი მატჩი მათთვის უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ჩვენთვის.
შემადგენლობა? სამი ეჭვი მაქვს: ერთი დაცვაში, ერთი ნახევარდაცვაში და ერთი შეტევაში. სანაკრებო პაუზამდე ჯერ კიდევ ბევრი თამაშია დარჩენილი და მნიშვნელოვანია, რომ ყველამ თავი იგრძნოს გუნდის ნაწილად, როგორც სასტარტოდან თამაშის დროს, ისე შეცვლაზე. ხუთი შეცვლის უფლება მაქვს და საჭიროებისამებრ გამოვიყენებ, ამიტომ, ყველა მზად უნდა იყოს.
ერთ-ერთი ეჭვი კიეზას უკავშირდება. რა თქმა უნდა, ის მარჯვნივ ბევრად სასარგებლოა, თავდასხმაში თამაშის დროს კი სჭირდება კიდევ ერთი თავდამსხმელი. მარცხნივ? მნიშვნელოვანი თვისებები აქვს მარცხნივ თამაშის დროსაც, შეუძლია კაცის მოტყუება და კარში დარტყმა. თუმცა, რაღაცები უნდა გააუმჯობესოს.
მზადება 14 ივლისს დავიწყეთ მიუხედავად ბევრი მოთამაშის ნაკლებობისა. ევროპის ჩემპიონები მხოლოდ 3 აგვისტოს შემოგვიერთდნენ, შედეგები არ იყოს თამაშის ხარისხის პროპორციული, რადგან შეგვეძლო უფრო მეტის ქულის მოპოვება. უნდა გავიზარდოთ, გუნდი კარგად მუშაობს და ხვალ კარგ მატჩს ჩავატარებთ. „მილანმა“ „ლივერპულთან“, ევროპის ერთ-ერთ საუკეთესო გუნდთან შესანიშნავად ითამაშა, ამიტომაც, ხვალ ტექნიკურად იდეალურად უნდა ვითამაშოთ. საჭირო იქნება მოთმინების გამოჩენაც.
ჩვენი პირველი შეფასება გაკეთდება ნოემბერში სანაკრებო პაუზისას. მჯერა, რომ იმ დროს სხვა პოზიციაზე ვიქნებით. იბრაჰიმოვიჩი? გამიმართლა, რომ მისი მწვრთნელი ვიყავი და ის კვლავ მნიშვნელოვანი ფეხბურთელია „მილანისთვის“. ხვალინდელი თამაში მათთვის უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ჩვენთვის. ჩვენ ფსიქოლოგიურად უნდა ვიმუშაოთ, რადგან „იუვე“ არის გუნდი, რომელიც მოედანზე არა მატჩების, არამედ ჩემპიონატის მოსაგებად უნდა გავიდეს. თამაშებს ყველა იგებს, ჩემპიონატს კი მხოლოდ ერთი გუნდი. საბოლოოდ, გუნდი, რომელიც საუკეთესო იყო, ჩემპიონატს მოიგებს.
ნორმალურია, რომ კიეზას ან კუადრადოს თვისებები არ ჰგავს რაბიოს თვისებებს. დე ლიხტი 22 წლისაა, მას „ოქროს ბურთის“ მოგებასაც უწინასწარმეტყველებენ, მაგრამ სიმშვიდე სჭირდება. 20 წლის ბიჭი, რომელიც „იუვენტუსში“ ჩამოდის, წნეხის ქვეშ ექცევა, რადგან ამ მაისურის ტარება იოლი არაა. 20 წლის კიელინი დე ლიხტს ჰგავდა, ან უფრო უარესი ფეხბურთელი იყო. 28 წლის ასაკში კი ჯორჯო მოწიფული მოთამაშე გახდა. სამი ეჭვიდან ერთი ცენტრალურ მცველებზე მაქვს. უნდა ვთქვა, რომ დანიელე რუგანიმ სასიამოვნოდ გამაკვირვა. ეს არ ნიშნავს, რომ ხვალ ითამაშებს, მაგრამ მას ვენდობი. ეჭვი სამ ცენტრალურ მცველს ეხება, მათგან ორი ითამაშებს, თუ სამკაციანი დაცვით არ ვითამაშებთ. ბონუჩის ადრე თუ გვიან, მოუწევს დასვენება. ის სუპერსანდო ფეხბურთელია, რომელსაც 500 თამაში აქვს „იუვენტუსში“ ჩატარებული და მწვრთნელისთვის ასეთი ფეხბურთელის ყოლა ძალიან მნიშვნელოვანია.
აქ ახლა განსხვავებული ფეხბურთელები არიან, ვიდრე ჩემი მუშაობის პირველ პერიოდში. გუნდს აქვს საკუთარი იდენტობა, საჭიროა გუნდურად ბევრი რამის გაუმჯობესება, თუმცა ეს სულ სხვა „იუვეა“, – თქვა ალეგრიმ.
შეგახსენებთ, რომ „იუვენტუსისა“ და „მილანის“ მატჩი 19 სექტემბერს, თბილისის დროით 22:45 საათზე დაიწყება.