ტურინის „იუვენტუსის“ ფეხბურთელმა მანუელ ლოკატელიმ „ნაპოლისთან“ (1:1) მატჩის შემდეგ კომენტარი გააკეთა და თქვა, რომ შედეგით უკმაყოფილოა. როგორც იტალიელმა ნახევარმცველმა აღნიშნა, იანვარი „იუვესთვის“ გადამწყვეტი თვე იქნება.
„მცირე სინანული არსებობს, რადგან მოგება გვინდოდა. ინტენსივობის თვალსაზრისით კარგი მატჩი იყო. ისე ვითამაშეთ, როგორც მწვრთნელმა გვთხოვა, მაგრამ ამის გაკეთება 90 წუთის განმავლობაში უნდა შეგვეძლოს, რომ უფრო მეტი მოვიპოვოთ.
იანვარი მნიშვნელოვანი თვეა, რადგან რამდენიმე პირდაპირ კონკურენტს ვეთამაშებით, ამიტომ, შეიძლება გადამწყვეტი პერიოდი იყოს. მატჩისთვის მოსამზადებელი პერიოდი ადვილი არ იყო, წესები უნდა დავიცვათ და ავიცრათ, ეს არის წინსვლის ერთადერთი გზა“, – თქვა ლოკატელიმ.
შეგახსენებთ, რომ „იუვენტუსი“ 35 ქულით მეხუთე ადგილზეა და მომდევნო ტურში 9 იანვარს, სტუმრად „რომას“ დაუპირისპირდება.