ტურინის „იუვენტუსის“ ყოფილმა ფეხბურთელმა პატრის ევრამ მასიმილიანო ალეგრის შესახებ ისაუბრა. მან ასევე კომენტარი გააკეთა კრიშტიანუ რონალდუზე და თქვა, რომ ის „იუვეში“ განტევების ვაცი იყო.
„როგორც ანიელის ვუთხარი, ალეგრი 2019 წელს არ უნდა გაეშვა. იმ ვნებისა და სიყვარულისთვის, რომელიც მას „იუვეს“ მიმართ აქვს, მიუხედავად თავიდან ბევრი გულშემატკივრის სიძულვილისა. დაბრუნება ადვილი არასდროსაა, მას ვუთხარი, რომ ახალგაზრდა ფეხბურთელების მიმართ მკაცი ნუ იქნება. ის წარმოუდგენლად ჭკვიანია, ფერგიუსონზე მეტადაც. ალეგრიმ ყოველთვის იცის როგორ წარიმართებდა თამაში მის დაწყებამდე. 2015 წელს, ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალში „დორტმუნდთან“ საპასუხო მატჩის წინ ყველაფერი იწინასწარმეტყველა და გვითხრა, რომ ამხანაგური მატჩი იქნებოდა. რამდენიმე დღის ადრე „ჯენოასთან“ ისე გვიყვიროდა, თითქოს ჩემპიონთა ლიგის ფინალი ყოფილიყო. ალეგრი ასეთია: პატარა გუნდებთან მატჩებით გატაცებულია, დიდ მატჩებზე არ ღელავს.
იტალიაში ძალიან ბევრს ვარჯიშობენ. თუ სწორ ბალანსს იპოვნიან, იტალიურ გუნდებს ჩემპიონთა ლიგის უფრო ხშირად მოგება შეეძლებათ. სამაგიეროდ, ყველაფერი უკიდურესობამდე მიდის. „იუვეში“ ჩემს პირველ სეზონში ჩემპიონთა ლიგის ფინალში დავმარცხდით. დარწმუნებული ვარ, ფინალამდე ფიზიკურად მენტალურად გადაღლილი რომ არ მივსულიყავით, ამ თასის მოგება შეგვეძლო.
რონალდუ? კრიშტიანუს პატივისცემა და სიყვარული სჭირდება. სამაგიეროდ „იუვეში“ ის განტევების ვაცი ხდებოდა. იტალიაში რონალდუს კრიტიკა სასაცილო და ცოტა თვალთმაქცური იყო. კიდევ ერთი შეცდომა ალეგრიმაც დაუშვა, როცა თქვა, რომ ის ყველა მატჩში ვერ ითამაშებდა. არის რაღაცები, რისი თქმაც საჯაროდ საჭირო არ არის. ნებისმიერ შემთხვევაში კრიშტიანუს ერთადერთი ნამდვილი სიყვარული „მანჩესტერ იუნაიტედია“, – თქვა ევრამ.
შეგახსენებთ, რომ პატრის ევრმა „იუვენტუსის“ ღირსებას 2014 წლის ზაფხულიდან 2017 წლის იანვრამდე იცავდა.