ვეტერანმა ფეხბურთელმა პატრის ევრამ სოციალურ ქსელში ვიდეო განათავსა, რომელშიც „იუვენტუსზე“ საუბრობს და „იუვეს“ მაისური აცვია (1996-1997 წლების სეზონის). როგორც მან თქვა, „იუვეს“ მტრები ახლა ტკბებიან, მაგრამ როცა „იუვე“ დაბრუნდება, მოუწოდა მათ, რომ მერე აღარ იტირონ.
„სალამი ყველა ჩემს ძვირფას „იუვენტინოს“, ყველა ჩემს ჩასაფრებულ ბუს, რადგან სწორედ ახლა უნდა იყოთ ჩასაფრებულები. როგორც ყოველთვის ვამბობდი, მე არ მჭირდება „იუვენტუსი“, მე მიყვარს „იუვენტუსი“, ეს არის განსხვავება. ეს არის რთული მომენტი, ჩვენ დაგვაჯარიმეს და ეს არ არის პირველი შემთხვევა. 15 ქულის დაკლება მტკივა, მაგრამ ვიცი ბრალია? აქ არ ვარ ვინმეს დასადანაშაულებლად, მაგრამ ეს ყოველთვის ჩვენი ბრალია? მხოლოდ ამას ვიკითხავ. ყველა მოთამაშე და მენეჯერი პატივს უნდა სცემდეს ამ მაისურს და ყველაფერი გაიღოს ამ გუნდისთვის. მახსოვს ტიფოზების შეძახილები: „ჩვენ გვინდა 11 ლომი“.
მოდით, სერიოზულად ვილაპარაკოთ, ეს ხალხი ახლა ტკბება, რატომ? იმიტომ, რომ წლების განმავლობაში მათ ცუდ მდგომარეობაში ვამყოფებდით (გამარჯვებებით) და არ უთქვამთ, რომ რამეს ვიპარავდით, რადგან მოედანზე ვიგებდით, ყველანი შეგჭამეთ, ზედიზედ 9 სკუდეტო მოვიგეთ. ასე რომ, ახლა ისიამოვნეთ, რომ სატურნირო ცხრილში წინ ხართ, მაგრამ „ბებერი ქალბატონი“ არასდროს კვდება. დიახ, დაშავდა, მაგრამ როდესაც დაბრუნდება, დაბრუნდება, რადგან ისტორია არასდროს კვდება და მერე აღარ იტიროთ.
ახლა ნამდვილ ფანებს ვთხოვ, არ მიატოვონ გუნდი, დადგნენ მის უკან, რადგან ადვილია სიყვარული მაშინ, როცა ყველაფერი კარგად მიდის, მაგრამ ახლა ჩვენ ყველა გვჭირდება. ასე რომ, ბოლომდე „იუვე“! ბოდიშს ვიხდი, რომ ვიდეო ადრე არ გადავიღე, მაგრამ ახლა ისე გადავიღე, რომ მთელი გული ჩავდე და ვსაუბრობ. არასდროს დამვიწყებიხართ და არასდროს დაგივიწყებთ“, – ამბობს ევრა.
შეგახსენებთ, რომ პატრის ევრა „იუვენტუსში“ 2014-2017 წლებში თამაშობდა.
View this post on Instagram