ტურინის „იუვენტუსს“ ფლორენციის „ფიორენტინასა“ და სერბეთის ნაკრების თავდამსხმელის, დუშან ვლაჰოვიჩის მიმდინარე სატრანსფერო პერიოდში დამატება სურს.
დიდი ხანია ტურინელები 21 წლის სერბით სერიოზულ ინტერესს იჩენენ, მაგრამ Gazzetta Dello Sport-ის ცნობით, „ბიანკონერის“ ხელმძღვანელებმა ფლორენციელებს ფეხბურთელებს იანვარშივე დათმობა სთხოვეს და წინადადებაც წარუდგინეს – 35 მილიონი ევრო და პლუს დეიან კულუშევსკი.
„ფიორენტინა“ ფეხბურთელის ახლა გასხვისების წინააღმდეგია, მიუხედავად იმისა, რომ კონტრაქტს, რომელიც 2023 წელს იწურება, თავდამსხმელი არ ახანგრძლივებს. „იები“ ფიქრობენ, რომ ზაფხულში მას მინიმუმ 75 მილიონ ევროდ გაყიდიან და „იუვენტუსის“ წინადადება არ მოსწონთ.
თუმცა, ფლორენციელთა მენეჯერმა ჯო ბარონემ ისიც თქვა, რომ ტურინული კლუბისგან მათვის არავის მიუმართავს, ინგლისის პრემიერლიგიდან ინტერესი კი დაადასტურა.
შეგახსენებთ, რომ დუშან ვლაჰოვიჩმა გასულ სეზონში 40 მატჩში 21 გოლი გაიტანა, მიმდინარე სეზონში კი 23 თამაშში თავი 20-ჯერ გამოიჩინა, მათ შორის 17-ჯერ სერია A-ში, სადაც ბომბარდირთა დავას ჩირო იმობილესთან ერთად ლიდერობს.