ტურინის „იუვენტუსის“ მცველმა ფედერიკო გატიმ „ინტერთან“ მატჩის (1:0) შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც მან აღნიშნა, ის ცდილობს ყოველთვის მზად იყოს და მოედანზე მაქსიმალურად დაიხარჯოს, როდესაც მწვრთნელი გადაწყვეტს, რომ უნდა ითამაშოს.
“ბარძალის კომპლიმენტები თუ მომწონს? როგორ შეიძლება არ მომწონდეს? 7.5 ქულაზე მეტი შეფასება მინდოდა? არა, ესეც ძალიან ბევრია. დიდი მადლობა უნდა გადავუხადო ჩემს თანაგუნდელებს, რადგან ჩემპიონებთან ერთად ვვარჯიშობ და ისე მექცევიან, როგორც ერთ-ერთ მათგანს, მიუხედავად იმისა, რომ ამ გუნდში ბოლოს მე მოვედი. ბედნიერი ვარ, თანაგუნდელებს ვუყვარვარ და ეს მოედანზე მეხმარება.
დიდებული გამარჯვება მოვიპოვეთ, გუნდურად, ნამდვილად ლამაზი გამარჯვებაა. ნახტომი, რომელიც სერია B-დან „იუვემდე“ გავაკეთე, უზარმაზარი იყო, სერია B-დან აქ თამაშის შეგუებას დრო სჭირდება. ჩემი მიზანია მზად ვიყო ყველა ვარჯიშზე, ყოველ ჯერზე, როცა მწვრთნელი მეტყვის, რომ უნდა ვითამაშო, მოედანზე ყველაფერს ვაკეთებ.
როგორია ბრაზილიელ მცველებთან მუშაობა? წლის ბოლოს მეც ბრაზილიელი გავხდები… სასიამოვნოა, მათგან ბევრს ვსწავლობ, ვმუშაობ ჩემპიონებთან, როგორც დაცვაში, ისე ზოგადად, უბრალოდ სწავლაა საჭირო.
დიახ, მწვრთნელი მენდო ბოლო ორ მატჩში, მარჯვნივ კარგად ვგრძნობ თავს, მაგრამ საბოლოო არჩევანს მწვრთნელი აკეთებს“, – თქვა გატიმ.
შეგახსენებთ, რომ „იუვენტუსი“ სანაკრებო პაუზაზე გავიდა, მომდევნო მატჩს კი 1 აპრილს, „ვერონასთან“ შინ ჩაატარებს.