ჯანლუიჯი ბუფონმა 2006 წლის კალჩოპოლის სკანდალზე ისაუბრა. როგორც მან თქვა, მაშინ საფასური მხოლოდ „იუვენტუსს“ გადაახდევინეს, მიუხედავად იმისა, რომ ამ სკანდალში სხვა გუნდებიც მონაწილეობდნენ.
„კალჩოპოლის პერიოდი ნამდვილად ძალიან ცუდად მახსენდება. საფასური „იუვემ“ გადაიხადა, მაგრამ მასში სხვა კლუბები და სხვა მენეჯერებიც იყვნენ ჩართული. მსოფლიოს ჩემპიონობის შემდეგ გადავწყვიტე კლუბისა და „იუვეს“ გულშემატკივრებისთვის მადლობა გადამეხადა სერია B-ში დარჩენით, ამ არჩევნის უკან ბევრი რამ იდგა. სწორედ ამიტომ, „იუვენტუსში“ ჩემი საუკეთესო გამარჯვება კონტესთან ერთად მოგებული პირველი სკუდეტო იყო. ამ წარმატებამ 2006 წლის არჩევანს მნიშვნელობა შესძინა“, – თქვა ბუფონმა.
შეგახსენებთ, რომ 2006 წელს „კალჩოპოლის“ სკანდალის შედეგად „იუვენტუსი“ სერია B-ში დააქვეითეს და 17 ქულა დააკლეს, მაგრამ გუნდმა ამის მიუხედავად უმალვე მოახერხა ელიტაში დაბრუნება. სკანდალში მაშინ სხვა გუნდებიც იყვნენ გარეულნი, მათ შორის „მილანი“, „ფიორენტინა“ და „ლაციო“, მაგრამ სამივე გუნდის შემთხვევაში სასჯელი მსუბუქი იყო, სერია A-ში ქულების დაკლება.