„პარმას“ მეკარე ჯანლუიჯი ბუფონმა ანხელ დი მარიას შესახებ ისაუბრა და თქვა, რომ „იუვენტუსმა“ შესანიშნავი ტრანსფერი განახორციელა. ჯიჯი დარწმუნებულია, რომ ანხელი იტალიაში მალევე ყველას დაუმტკიცებს თავის შესაძლებლობებს.
„ის ყოველთვის ჩრდილში იყო და გულწრფელად გითხრათ, ვერ ვხვდები, რატომ. არავის არაფერი აქვს შესაშური, მაგრამ ის ხშირად დაუფასებელია. ფეხბურთი მიჰყვება ლოგიკას, რომელიც ყოველთვის გასაგები არ არის. ჩვენ ვსაუბრობთ აბსოლუტურ ტოპფეხბურთელზე, რომელსაც შეუძლია თანაგუნდელებისთვის თავი გაწიროს. ის ჩემს გუნდში ყოველთვის ითამაშებდა.
ჩემი აზრით, ეს დიდი ტრანსფერია, თანაც უფასოდ. მაქვს განცდა, რომ იტალიაში დი მარიას ბოლომდე ვერ აღიქვამენ, მაგრამ ისინი სწრაფად მიხვდებიან ანხელის ღირებულებას. ვფიქრობ, ვლაჰოვიჩთანაც იდეალურ წყვილს შექმნის, რადგან ანხელს უყვარს გოლების გატანა, მაგრამ ასევე სიამოვნებს თანაგუნდელების დახმარება. იცის, როგორ მიაწოდოს მათ პასები, გულუხვია და გუნდს ტაქტიკურ ბალანსს ანიჭებს“, – თქვა ბუფონმა.
შეგახსენებთ, რომ ბუფონი და დი მარია „პარი სენ ჟერმენში“ 2018-2019 წლების სეზონში თანაგუნდელებიც იყვნენ.