ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „ინტერთან“ მატჩის (0:1) შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც მან თქვა, გუნდმა კარგად ითამაშა და მხოლოდ გოლი დააკლდა.
„მსაჯობა? მოდით თავი ავარიდოთ იმას, რაც საჭირო არ არის. დიდი სიამოვნებით ვისაუბრებ გუნდის თამაშზე, ბევრი მომენტი შევქმენით, კარისკენ ბევრჯერ დავარტყით, დასანანია, რომ წავაგეთ, რადგან კარგი „იუვენტუსი“ იყო. მომატების პოტენციალი გვაქვს, მაგრამ უკვე საკმაოდ მოვუმატეთ. უფრო მეტი ვერტიკალური პასი გავაკეთეთ და კარგად ვითამაშეთ. უბრალოდ გოლი დაგვაკლდა, მაგრამ თამაშით კმაყოფილი ვარ.
დღეიდან შეიძლება ითქვას, რომ სკუდეტოდან ბრძოლას გამოვეთიშეთ. ახლა მეოთხე ადგილი უნდა დავიცვათ და სკუდეტოსკენ მომდევნო სეზონში ვისწრაფოთ. ამ გუნდს გაუმჯობესების პოტენციალი აქვს. ყველა პირობაა, რომ მომავალ წელს ჩემპიონობისთვის ვიბრძოლოთ. ახლა შვიდი თამაში დაგვრჩა და უნდა ვეცადოთ, რაც შეიძლება მეტი ქულა დავაგროვოთ, რათა მეოთხე ადგილი შევინარჩუნოთ, რადგან „რომა“ მხოლოდ 5 ქულით ჩამოგვრჩება.
წელს სეზონი ცუდად დავიწყეთ და ბევრი ქულა ამოვქაჩეთ. გადამწყვეტ მატჩებში ეპიზოდებმა ყველაფერზე გავლენა მოახდინა, მაგრამ ჭიქას ნახევრად სავსეს ვუყურებთ. ახალგაზრდებმა მოუმატეს და გუნდი გაუმჯობესდა. ამ თვენახევარში გავაგრძელებთ მუშაობას, რათა გავიზარდოთ და რაც შეიძლება მეტი ქულა დავაგროვოთ.
მომდევნო სეზონის „იუვე“? შევხედავთ კლუბს და განვიხილავთ სიტუაციას. დღეს ამისთვის შესაფერისი დრო არაა. შემადგენლობაზე სინამდვილეში კვირის დასაწყისში მქონდა გადაწყვეტილება მიღებული. მხოლოდ ცენტრში მქონდა ეჭვები, რადგან რაბიომ ძალიან ბევრი მატჩი ჩაატარა, თუმცა, მან ამ საღამოს შესანიშნავად ითამაშა. შემდეგ ლოკატელის ნაცვლად ზაკარიაც შესანიშნავად ჩაერთო თამაშში, ის ყოველ მატჩში ქმნის საგოლე მომენტს.
სკუდეტოს ფავორიტი? „ინტერი“ რჩება, რადგან „მილანთან“ და „ნაპოლისთან“ შედარებით იოლი კალენდარი აქვთ და დღევანდელი გამარჯვება „ინტერს“ დიდ სტიმულს მისცემს. ლოკატელი? ის მინიმუმ 20 დღე ვერ ითამაშებს“, – თქვა ალეგრიმ.
შეგახსენებთ, რომ „იუვენტუსს“ 59 ქულით მეოთხე ადგილი უკავია და მომდევნო ტურში 9 აპრილს, სტუმრად „კალიარის“ დაუპირისპირდება.