ტურინის „იუვენტუსში“ ზინედინ ზიდანის შესაძლო დანიშვნის შესახებ უკვე ყოველდღე ვრცელდება სხვადასხვა სახის ინფორმაცია. Tuttosport-ი წერს, რომ ფრანგს ლონდონის „ჩელსის“ ვარიანტი აქვს, თუმცა ინგლისურ მხარეს მოსაფიქრებლად დრო სთხოვა.
ზიდანი იმედოვნებს, რომ ტურინიდან დაურეკავენ და სწორედ ამიტომ ითხოვა „ჩელსისგან“ დრო. ზიდანის „იუვეში“ დაბრუნების კიდევ ერთი მყარი ფაქტორი კრიშტიანუ რონალდუა, რომელსაც ფრანგთან კარგი ურთიერთობა აქვს.
გარდა ამისა, ტურინული გამოცემის ცნობით, თუ ზიზუს ვარიანტი ჩაიშალა, მაშინ „ბებერი სინიორას“ მთავარი სამიზნე მისი თანამემამულე დიდიე დეშამი იქნება. დეშამი ამჟამად საფრანგეთის ნაკრებში მუშაობს.
„იუვენტუსი“ მისთვის ძალიან კარგად ნაცნობი ადგილია – ჯერ ფეხბურთელობისას თამაშობდა წარმატებით, მერე კი, 2006-2007 წლების სეზონში სერია B-დან ელიტაში სწორედ მისი ხელმძღვანელობით დაბრუნდა.