დიდი იტალიური დერბი, „ინტერი“ – „იუვენტუსი“. იტალიური ფეხბურთის გამორჩეული დაპირისპირება, რომელიც დღეს მსოფლიო მასშტაბით ცენტრალური მატჩია.
წარმოგიდგენთ რამდენიმე საინტერესო სტატისტიკურ მონაცემს, ფაქტებსა და რეკორდებს:
შეუძლებელია აქედან არ დავიწყოთ: რატომ ჰქვია „ინტერი“ – „იუვეს“ დერბი დ’იტალია? ეს გამოთქმა უკავშირდება ჯანი ბრერას, 1967 წელს. ჟურნალისტიკის ოსტატმა დაუდო სათავე ისტორიული დაპირისპირების სახელწოდებას. ეს გამოთქმა დაფუძნებული არ ყოფილა გუნდების მოპოვებულ ტიტულებზე, არამედ მიუთითებს ღრმა მეტოქეობაზე, სოციალურიდან სპორტულ სფერომდე.
დერბი დ’იტალია იტალიური ფეხბურთის ისტორიაში ყველაზე ხშირად გამართულა. 235 თამაში ჯამში. აქედან 172 სერია A-ში და ამ ტურნირზე „ინტერი“ – „რომას“ დუელთან ყველაზე მაღალი მაჩვენებელია.
ეს გუნდები ერთმანეთს პირველად 1909 წელს შეხვდნენ, სერია A-ში. 14 ნოემბერს, „იუვემ“ ტურინში 2:0 მოიგო ერნესტო ბორელის დუბლით. „ინტერმა“ პირველი გამარჯვება ორი კვირის შემდეგ მოიპოვა და „იუვე“ ოსკარ ენგლერის გოლი ერთადერთი გამოდგა.
ისტორიაში ამ გუნდებს შორის 36 ტრანსფერი განხორციელებულა. პირველი იყო გვიდო ჯანფარდონი, რომელიც შორეულ 1926 წელს „იუვედან“ „ამბროზიანა ინტერში“ გადავიდა. ბოლო? კვადვო ასამოა.
ტრანსფერმარკეტის მონაცემებით, ამ გუნდებს შორის ყველაზე ძვირადღირებული გარიგება 2006 წელს შედგა, როდესაც „იუვენტუსიდან“ „ინტერში“ ზლატან იბრაჰიმოვიჩი 24.8 მილიონ ევროდ გადავიდა.
„იუვენტუსმა“ „ინტერს“ ყველაზე დიდი ანგარიშით 1961 წლის 10 ივნისს მოუგო – 9:1. 6 გოლი გაიტანა ომარ სივორიმ. „ინტერმა“ კი „იუვეს“ ყველაზე მსუყედ 1954 წლის 4 აპრილს აჯობა 6:0. შვედმა ლენარ სკოგლუნდმა დუბლი შეასრულა.
ამ დაპირისპირებაში ყველაზე პოპულარული ანგარიშია „იუვენტუსის“ სასარგებლოდ 1:0 გახლვათ. 22 თამაში ტურინელებმა სწორედ ასეთი ანგარიშით იმარჯვეს. მათ შორის, შარშან, ტურინში მარიო მანჯუკიჩის გოლით.
„იუვენტუსს“ დერბი დ’იტალიაში ყველაზე ხანგრძლივი სერია ჰქონია გამარჯვებების მხრივ. 1972-1975 წლებში ტურინელებმა ზედიზედ რვა მატჩი მოიგეს. თავის მხრივ, „ინტერის“ საუკეთესო სერია მხოლოდ ორი გამარჯვებით შემოფარგლულა.
„ინტერი“ და „იუვე“ იტალიურ დერბიში საკუთარ მეოდანზე დაუამრცხებლად მიჯრით 16 წელი ირჯებოდნენ. „იუვემ“ ტურინში „ინტერთან“ 1966-1982 წლებში ერთხელაც არ წააგო: 17 თამაში, 13 მოგება, 4 ფრე. ასევე 16 წელი არ აგებდა „ინტერი“ მილანში „იუვენტუსთან“ 1933-1949 წლებში. მაგრამ უფრო ნაკლები თამაში ჩაატარა – 14 მატჩი, 10 მოგება, 4 ფრე.
მოქმედი გუნდებიდან ტრანსფერმარკეტის მონაცემებით ყველაზე ძვირად რომელუ ლუკაკუ (75 მილიონი) და კრიშტიანუ რონალდუ (90 მილიონი) ფასობენ.
მთლინობაში „იუვეს“ შემადგენლობა 864 მილიონ ევროდაა შეფასებული, ხოლო „ინტერის“ 535 მილიონ ევროდ.
„ინტერის“ მოქმედი შემადგენლობიდან „იუვეს“ კარში ყველაზე მეტი, 2 გოლი („უდინეზეს“ მაისურით) ალექსის სანჩესს აქვს გატანილი. თავის მხრივ, „იუვენტუსის“ რიგებიდა ყველაზე მეტად „ინტერი“ დამწუხრებული გონსალო იგუაინს ჰყავს – 5 გოლი (4 „ნაპოლიში“, 1 „იუვეში“).
საინტერესო დაპირისპირებაა მწვრთნელებს შორისაც. ანტონიო კონტეს სერია A-ში საშუალოდ დაგროვილი ქულების საუკეთესო მაჩვენებელი აქვს – 2.28 ქულა თამაშში. მაურიციო სარი ამ ჩამონათვალში მეხუთე ადგილზეა (2.01 ქულით თამაშში) და კონტეს გარდა, ჟოზე მოურინიოს, მასიმილიანო ალეგრისა და ლეონარდოს ჩამორჩება.
აღსანიშნავია, რომ კონტე და სარი კარიერაში პირველად დაუპირისპირდებიან. კიდევ ერთი დამთხვევა: 2006-2007 წლების სეზონში სერია B-ს „არეცოს“ კონტე ავარჯიშებდა, სეზონის მიმდინარეობისას სარიმ შეცვალა, ხოლო იმავე სეზონში სარი ისევ კონტემ ჩაანაცვლა… „არეცო“ მაინც ვერ გადარჩა და სეზონის ბოლოს ქვედა ლიგაში გავარდა.
კონტე და სარი ნათლად ამბობენ, რომ ეს მატჩი ფინალი არაა. ისტორიაში მხოლოდ სამი შემთხვევაა, როდესა იტალიური დერბი ფინალში შედგა. 1958-1959 წლეის სეზონში იტალიის თასის ფინალში „იუვემ“ 4:1 მოიგო, 1964-1965 წლების ეზონში ასევე იტალიის თასის ფინალში კვლავ „იუვენტუსმა“ იმარჯვა (1:0). 2005 წელს იტალიის სუპერთასზე „ინტერმა“ 1:0 მოიგო.
ისტორიაში ერთადერთი ფეხბურთელია, რომელმაც იტალიურ დერბიში ორივე გუნდის მაისურით გაიტანა, რობერტო ბონინსენიაა. მთლიანობაში მის ანგარიშზე 12 გოლია. 9 „ინტერში“ 1969-1976 წლებში, ხოლო 3 „იუვეში“ 1976-1979 წლებში.
შეიძლებოდა ისტორიულ დუელში გოლი მეკარესაც ჰქონოდა გატანილი. 2002 წლის 19 ოქტომბერს, მსაჯის დამატებულ წუთზე ფრანჩესკო ტოლდო საჯარიმოში შევიდა და გოლი გაიტანა, შეხვედრა 1:1 დასრულდა. თუმცა, გამეორებისა და გადამოწმების შემდეგ, გაირკვა, ტოლდოს დარტყმის მერე ბურთს ბოლოს კარის ხაზის გადაკვეთამდე კრისტიან ვიერი შეეხო და გოლიც იტალიელი ფორვარდის აქტივში ჩაიწერა.
შეგახსენებთ, რომ დღევანდელი მატჩი თბილისის დროით 22:45 საათზე დაიწყება.