იტალიის სერიაში A-ში მეშვიდე ტურის შემდეგ ტურინის „იუვენტუსი“ გალიდერდა, მიმდინარე სეზონში პირველად.
მილანში, „დიდი იტალიური დერბი“ შედგა, სადაც აქამდე უდანაკარგო „ინტერი“ იყო „იუვეს“ წინააღმდეგ. ამ შეხვედრას ყოველთვის დიდი ინტრიგა ახლავს და ამჯერად, კიდევ უფრო მეტი. ანტონიო კონტე და სატურნირო ცხრილი.
მაურიციო სარის „იუვე“ კი ტურიდან ტურამდე უმატებს და „ბებერმა სინიორამ“ მილანში დამსახურებულად, კარგი ფეხბურთით მოიგო.
ტურინელები სწრაფადვე, მე-4 წუთზე დაწინაურდნენ. მირალემ პიანიჩმა პაულო დიბალა მოძებნა, რომელიც შესანიშნავად გაისარჯა და სეზონში პირველი გოლი გაიტანა. სხვათა შორის, ძირითად შემადგენლობაში აარონ რემზისა და გონსალო იგუაინს ელოდნენ, მაგრამ სარიმ დიბალა და ფედერიკო ბერნარდესკი გაამწესა სასტარტოში. იტალიელი სპეციალისტის გათვლამ დიდებულად იმუშავა და დიბალა მოედანზე ერთ-ერთი საუკეთესო იყო.
მალავე, „ინტერი“ მეორე გოლს გადაურჩა. რონალდუს ძლიერი დარტყმა ხარიხამ მოიგერია. მე-18 წუთზე კი, ანგარიში გათანაბრდა. საჯარიმოში მატიას დე ლიხტს ბურთი ხელზე მოხვდა და პენალტი დაინიშნა, რომელიც ლაუტარო მარტინესმა გაიტანა. ლაუტაროს ცოტა ხანში ვოიცეხ შჩესნიმ აჯობა და ტაიმის მეორე ნაწილში უპირატესობას კვლავ „იუვენტუსი“ დაეუფლა. რონალდუმ კარგი შანსი გაანიავა, როდესაც ჰანდანოვიჩმა აუღო, მერე კი, გაიტანა კიდეც დიბალასთან გათამაშებული დიდებული კომბინაციით. მაგრამ გოლი გაუქმდა, რადგან პაულო ეპიზოდის დასაწყისში თამაშგარეში იყო.
მეორე ნახევარში სურათი არ შეცვლილა. „იუვე“ ცდილობდა მეორე გოლის გატანას, „ინტერი“ თავს იცავდა და კონტრშეტევებს ელოდებოდა. ტაიმის შუაში სარიმ ცვლილებები განახორციელა, რომელმაც მთავარი როლი ითამაშა გამარჯვებაში. როდრიგო ბენტანკური, გონსალო იგუაინი და ემრე ჯანი ჩინებულად ჩაერთვნენ თამაშში. ურუგვაელის პასით კი იგუაინმა გამარჯვების გოლიც გაიტანა. ამ ეპიზოდში შესანიშნავი კომბინაცია იყო გამოსარჩევი.
„იუვენტუსმა“ მოიგო, 19 ქულა დააგროვა და „ინტერი“ ჩამოიტოვა. ახლა კი, ორკვირინია პაუზა იქნება, რადგან სანაკრებო მატჩების დრო დადგა.
„ინტერი“ – „იუვენტუსი“ 1:2 (1:1)
მილანი, „სან სირო“
მაყურებელი: 80 000
„ინტერი“ (3-5-2): ჰანდანოვიჩი; გოდინი (ბასტონი 54), დე ვრეი, შკრინიარი; დ’ამბროზიო, ბარელა, ბროჟოვიჩი, სენსი (ვესინო 34), ასამოა; ლუკაკუ, ლაუტარო მარტინესი (პოლიტანო 78)
მწვრთნელი: ანტონიო კონტე
„იუვენტუსი“ (4-3-1-2): შჩესნი; კუადრადო, ბონუჩი, დე ლიხტი, ალექს სანდრო; ხედირა (ბენტანკური 62), პიანიჩი, მატუიდი; ბერნარდესკი (იგუაინი 62); რონალდუ, დიბალა (ემრე ჯანი 71)
მწვრთნელი: მაურიციო სარი
გოლები: 0:1 დიბალა (4), 1:1 ლაუტარო მარტინესი (18, პენ), 1:2 იგუაინი (80, პენ)
გაფრთხილება: ვესინო (88), ბარელა (90) – ალექს სანდრო (13), ემრე ჯანი (84), პიანიჩი (85)
სტატისტიკა – კარისკენ დარტყმები: 10 (4) – 14 (8) ბურთის ფლობა: 52%-48% კუთხურები: 7:2 თამაშგარე: 2:2
მსაჯი: ჯანლუკა როკი