#W8NDERFUL!

ახლა უკვე ოფიციალურად – „იუვენტუსი“ იტალიის ჩემპიონია. „ბებერმა ქალბატონმა“ სკუდეტო ზედიზედ მერვედ მოიგო და ახლა ჰეშთეგიც გაჩნდა: #W8NDERFUL!

„იუვეს“ მეტოქე 33-ე ტურში ფლორენციის „ფიორენტინა“ იყო, რომელიც ძალიან სწრაფად, მე-6 წუთზე მილენკოვიჩის გოლით დაწინაურდა. ამ ეპიზოდში იაქტიურა ფედერიკო კიეზამ, რომელმაც გამჭოლი გადაცემა გააკეთა და ვოიცეხ შჩესნიმ დამაჯერებლად ვერ ითამაშა – 0:1. საერთოდ, კიეზა, რომლის მიმართ ინტერესს „იუვენტუსი“ იჩენს ძალიან აქტიური იყო პირველ ტაიმში და ჯერ ძელს გაარტყა ბურთი, მერე – ხარიხას.

„იუვემ“ კი 37-ე წუთზე გაათანაბრა. მირალემ პიანიჩის კუთხურის შემდეგ ახლო ძელთან ვარდნაში შესანიშნავად ითამაშა ალექს სანდრომ და თავით გადაგზავნა ბურთი მეტოქის კარში. მასიმილიანო ალეგრის გუნდი მეორე ტაიმის დასაწყისში დაწინაურდა. კრიშტიანუ რონალდუს კარგ თამაშს ხერმან პეცელას ავტოგოლი მოჰყვა – 2:1.

დარჩენილ დროში ბევრი არაფერი შეცვლილა და ტურინის „იუვენტუსი“ 2018-2019 წლების სეზონის იტალიის ჩემპიონია. თავისივე რეკორდი გააუმჯობესა და ზედიზედ მერვედ დაეუფლა სკუდეტოს.

„იუვეს“ 33 ტურის შემდეგ 87 ქულა აქვს და დარჩენილი ხუთი თამაში სატურნირო ცხრილის თვალსაზრით უმნიშვნელოა. ისე კი, მომდევნო დაპირისპირება მილანში, „ინტერთან“ ელოდება.

„იუვენტუსი“ – „ფიორენტინა“ 2:1 (1:1)

ტურინი, „ალიანც სთედიუმი“

„იუვენტუსი“ (4-3-3): შჩესნი; კანსელუ, რუგანი, ბონუჩი, ალექს სანდრო; ემრე ჯანი, პიანიჩი (ბენტანკური 65), მატუიდი; კუადრადო (დე შილიო 87), რონალდუ, ბერნარდესკი (კინი 74)

მწვრთნელი: მასიმილიანო ალეგრი

„ფიორენტინა“ (4-3-3): ლაფონი; მილენკოვიჩი, პეცელა, ჩეკერინი, ჰანცკო; ბენასი (ჟერსონი 73), ვერეტუ, დაბო; მირალასი (ფერნანდესი 80), სიმეონე, კიეზა (მურიელი 66)

მწვრთნელი: ვინჩენცო მონტელა

გოლები: 0:1 მილენკოვიჩი (6), 1:1 ალექს სანდრო (37), 2:1 პეცელა (53, ა.გ)

გაფრთხილება: ჟერსონი (80)

სტატისტიკა – კარისკენ დარტყმები: 9 (5) – 9 (6) ბურთის ფლობა: 60%-40% კუთხურები: 10:7 თამაშგარე: 4:3

მსაჯი: ფაბრიციო პასკუა

შემთხვევითი სიახლე

ალეგრი: “ფაჯოლი არ არის დამნაშავე, ყველანი დამნაშავეები ვართ”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მარცხის (0:1) შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც მან განაცხადა, …

ალეგრი: “სოუზას კომენტარს პატივისცემა აკლდა”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა. როგორც იტალიელმა სპეციალისტმა აღნიშნა, …