ტურინის „იუვენტუსის“ ქალთა გუნდი იტალიის 2018-2019 წლების სეზონის ჩემპიონია. ქალთა სერია A-ს ბოლო ტურში ჩემპიონობის შანსს სამი გუნდი ინარჩუნებდა.
„იუვეს“ 53, „ფიორენტინას“ 52, ხოლო „მილანს“ 51 ქულა ჰქონდა. დღეს გამართულ 22-ე და ბოლო ტურში „ფიორენტინამ“ „რომას“ უმასპინძლა, ხოლო „იუვენტუსმა“ – „ვერონას“.
ფლორენციელებმა თავიანთი მატჩი 2:1 მოიგეს, მაგრამ ყველაფერი მაინც „იუვენტუსის“ ხელთ იყო, რადგან რიტა გუარინოს გუნდი თუ მოიგებდა, სხვა მატჩების შედეგს მნიშვნელობა მისთვის აღარ ექნებოდა – ანუ, საკუთარ თავზე იყო დამოკიდებული.
დაკისრებულ მოვალეობას „იუვემ“ თავი შესანიშნავად გაართა და „ვერონა“ ადვილად დაამარცა. ანგარიში პირველ ტაიმში პეტრონელა ეკროტმა გახსნა, ხოლო მეორე ნახევარში კრისტიანა ჯირელიმ და ენიოლა ალუკომ საბოლოო ანგარიში დააფიქსირეს.
შედეგად, „იუვენტუსმა“ სეზონი 56 ქულით დაასრულა და 1 ქულით გაასწრო „ფიორენტინას“. ეს ზედიზედ მეორე სკუდეტოა ქალთა გუნდისთვის, რომელსაც მიმდინარე სეზონში დუბლის შესრულების შანსიც აქვს, რადგან იტალიის თასის ფინალშია გასული, სადაც 28 აპრილს, პარმაში, „ფიორენტინას“ შეხვდება.
„ვერონა“ – „იუვენტუსი“ 0:3 (0:1)
გოლები: 0:1 ეკროტი (32), 0:2 ჯირელი (55), 0:3 ალუკო (68)