ტურინის „იუვენტუსის“ მეკარემ ვოიცეხ შჩესნიმ Sky Sport-ს ვრცელი ინტერვიუ მისცა. პოლონელმა მეკარემ არაერთ საკითხზე ისაუბრა და გუნდის განვლილი პერიოდი შეაფასა.
შჩესნის განცხადებით, ბედნიერია, რომ გუნდი ანგარიშით 1:0, ხშირად იმარჯვებს. მისი თქმით, მთავარი გამარჯვებაა და ანგარიშს მნიშვნელობა არ აქვს. გარდა ამისა, ვოიცეხმა ჩემპიონთა ლიგისა და მადრიდის „ატლეტიკოსთან“ მატჩზეც გააკეთა კომენტარი.
– „რომასთან“ ბევრი საქმე არ გქონიათ. ნუთუ ეს, ასეთი მარტივია, როგორც გარედან ჩანს?
– არა, მარტივი არასდროსაა, რადგან გამარჯვება ყოველთვის რთულია „რომას“ წინააღმდეგ, რომელსაც კარგი ხარისხის ფეხბურთელები ჰყავს და მეორე ტაიმში პრობლემებიც შეგვიქმნეს. მაგრამ, ჩვენ უფრო კომფაქტურად ვითამაშეთ და მათ საგოლე მომენტი არ ჰქონიათ.
– „მილანთან“ მატჩამდე თქვით, რომ რთული კალენდარი იწყებოდა „იუვესთვის“, თუმცა თქვენ ამ მატჩებში ერთი გოლიც არ გაგიშვიათ. მეკარისთვის რთული არაა, ასეთი დაცვის ფონზე კონცენტრაციის შენარჩუნება?
– დიახ, მაგრამ მე ყოველთვის ვამბობდი, რომ 90 წუთი საქმე რომ არ მქონდეს, მზად უნდა ვიყო გუნდის გადასარჩენად ნებისმიერ მომენტში. მართალია, ბოლო კვირეებში დაცვამ დიდი სამუშაო შეასრულა. ბოლო 7 თამაშში ჩვენს კართან სახიფათო მომეტები მხოლოდ „ინტერმა“ შექმნა და ასევე, „მილანის“ პენალტი – მორჩა. მხოლოდ, ჩაწოდებებით თუ გვაწუხებენ… ეს გუნდის მხრიდან კარგი ბალანსის ჩვენებას ამტკიცებს და ეს მნიშვნელოვანია.
– ალეგრი ამბობს, რომ რეკორდების დამყარება არაფერს ნიშნავს, რადგან გუნდს ჯერ ტიტული არ მოუგია. მაინტერესებს ეს რონალდუს დამსახურებაა? სხვა ფეხბურთელების მოტივაციაც გაიზარდა მისი მოსვლით?
– არ ვიცი, ვფიქრობ, რომ კრიშტიანუს დამატებით გავიგეთ, რომ გუნდი ვართ. შეტევაში გვყავს ისეთი ფეხბურთელები, როგორებიც რონალდუ, მანჯუკიჩი, დიბალა არიან და საგოლე მომენტებს ქმნიან. შესაბამისად, თუ ჩვენ დაცვაშიც კომპაქტურად ვითამაშებთ, გოლს არ გავუშვებთ, ძალიან ხშირად მოვიგებთ თამაშებს.
– ხშირად იგებთ, მაგრამ „იუვენტუსს“ ერთი პატარა დეფექტიც აქვს, რომ ბოლო დროს 1:0 იგებს, რაც რისკის შემცვლელია. თამაშებს ინტრიგას ვერ უკლავს. არის ეს „იუვენტუსის“ მთავარი ნაკლი?
– მეტოქის დასამარცხებლად ყოველთვის საჭიროა ერთით მეტი გოლის გატანა. 3 ქულაა 1:0 და 7:0 გამარჯვებებზეც. მთავარია, რომ გოლით ნაკლები გაუშვა, ვიდრე გაიტან. ამას ჩვენ ვახერხებთ. მართალია, ბევრი შეხვედრა 1:0 მოვიგეთ, მაგრამ ჩემი აზრით, 1:0 ფეხბურთში იდეალური ანგარიშია. მეკარე ვარ და ჩემთვის მთავარია, რომ გოლი არ გავუშვა.
– ასეთ ჩემპიონატში თამაში უკეთესია ჩემპიონთა ლიგისთვის თუ უფრო მჭიდრო კონკურენციაა უკეთესი?
– ყოველთვის უკეთესია, რომ გაიმარჯვო. ვფიქრობ, რომ გამარჯვება საუკეთესო საშუალებაა შემდეგი თამაშისთვის მოსამზადებლად. ჩვენ წელს დავამტკიცეთ, რომ კარგი გუნდი ვართ. ჩემპიონთა ლიგამდე ორი თვეა და მხოლოდ ბერგამოს მატჩზე ვფიქრობთ და არა „ატლეტიკოსთან“ შეხვედრაზე, რომელიც რეალურად ყველაზე მნიშვნელოვანია.
– რას ფიქრობდით, როდესაც „ატლეტიკო“ შეგხვდათ. უკეთესიც შეიძლებოდა?
– დიახ, შეიძლებოდა უკეთესი წილისყრა, მაგრამ ჩემპიონთა ლიგა ჩვენი მთავარი მიზანია და მისი მოგება თუ გვინდა, მაშინ ყველა გუნდის წინააღმდეგ უნდა გავიმარჯვოთ. ახლა მერვედფინალია, შემდეგ მეოთხედფინალი, ნახევარფინალი, სადაც შეიძლება „ბარსელონა“ ან „რეალი” შეგვხვდეს… ასე, რომ ძლიერ გუნდებთან უნდა გავიმარჯვოთ.
– მარიო მანჯუკიჩი „იუვენტუსში“ ასეთი შედეგიანი არასდროს ყოფილა. წელს კი ყველა მნიშვნელოვან შეხვედრაში მოახერხა გატანა. როგორია მარიო გასახდელში, როგორც წესი ცოტას საუბრობს?
– ჩვეულებრივი ბიჭია და მართალია, ცოტას ლაპარაკობს, მაგრამ მოედანზე ამბობს თავის სიტყვას და ეს ყველაზე მთავარია. მიმდინარე სეზონში ყველა უშუალოდ კონკურენტთან გაიტანა და ეს ხარისხზე მეტყველებს. ის ძალიან ბედნიერია.