მთავარი / სიახლეები / უფერული ქულა და სამი ტრავმირებული ფლორენციიდან

უფერული ქულა და სამი ტრავმირებული ფლორენციიდან

ტურინის „იუვენტუსმა“ მიმდინარე სეზონში პირველი ქულები დაკარგა და იმდენად უფერული, უფანტაზიო ფეხბურთი აჩვენა, ძნელი სათქმელია, იმსახურებდა თუ არ იმ ერთადერთ ქულასაც, რომელიც ფლორენციაში მოიპოვა.

მაურიციო სარის ოფიციალური დებიუტი ვერ გამოდგა მაინც და მაინც საიმედო, რადგან „იუვემ“ „ფიორენტინას“ კართან 90 წუთში ერთი არათუ რეალური, ნახევრად საგოლე მომენტიც ვერ შექმნა.

სამაგიეროდ, „იებს“ რამდენჯერმე შეეძლოთ გატანა. განსაკუთრებით, უნდა აღინიშნოს მატჩის დასაწყისში ვოიცეხ შჩესნის პანიკური სიტუაცია, რომელიც ფეხით თამაშის დროს უხეშად შეცდა და „იუვე“ გოლსა ორგზის გადაურჩა. ფაქტია, ტურინელთა თამაში შარშანდელთან შედარებით გარდატეხის პროცესშია, მაგრამ ისიც ფაქტია, რომ ამ ახალ სტილში მორგება უჭირთ როგორც მცველებს, ისე მეკარეს – მოკლე პასებით და ბურთზე კონტროლით ჯერჯერობით „იუვენტუსი“ ვერაფერს ახერხებს.

თუ „იუვემ“ ფლორენციაში 3 ქულა ვერ მოიპოვა, სამი ფეხბურთელი ლაზარეთს შემატა. პირველ ტაიმში მოედანზე ტრავმების გამო დუგლას კოშტამ და მირალემ პიანიჩმა დატოვეს, მათ გზას მეორე ნახევარში დანილოც გაუდგა. ჯერჯერობით დაზიანების სიმძიმე და ითამაშებენ თუ არა, 18 სექტემბერს, მადრიდში „ატლეტიკოსთან“, უცნობია.

მომდევნო მატჩი „იუვენტუსს“ სწორედ ჩემპიონთა ლიგაზე ელოდება და ერთი რამ ფაქტია – ასეთი თამაშის ხარისხით ბევრი არაფრის იმედი არ უნდა ჰქონდეს.

„ფიორენტინა“ – „იუვენტუსი“ 0:0 (0:0)

ფლორენცია, „არტემიო ფრანკი“

„ფიორენტინა“ (3-5-2): დრაგოვსკი; მილენკოვიჩი, პეცელა (ჩეკერინი 83), კასერესი; ლიროლა, პულგარი, ბადელი, კასტროვილი(ზურკოვსკი 89), დალბერტი; კიეზა, რიბერი (ბოატენგი 69)

მწვრთნელი: ვინჩენცო მონტელა

„იუვენტუსი“ (4-3-3): შჩესნი; დანილო (კუადრადო 62), ბონუჩი, დე ლიხტი, ალექს სანდრო; ხედირა, პიანიჩი (ბენტანკური 44), მატუიდი; დუგლას კოშტა (ბერნარდესკი 8), იგუაინი, რონალდუ

მწვრთნელი: მაურიციო სარი

გაფრთხილება: კასერესი (10), კიეზა (36), კასტროვილი (77) – პიანიჩი (14), დე ლიხტი (46), ბენტანკური (82)

სტატისტიკა – კარისკენ დარტყმები: 15 (8) – 5 (4) ბურთის ფლობა: 46%-54% კუთხურები: 10:0 თამაშგარე: 2:1

მსაჯი: მასიმილიანო ირატი

შემთხვევითი სიახლე

ალეგრი: “ფაჯოლი არ არის დამნაშავე, ყველანი დამნაშავეები ვართ”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მარცხის (0:1) შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც მან განაცხადა, …

ალეგრი: “სოუზას კომენტარს პატივისცემა აკლდა”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა. როგორც იტალიელმა სპეციალისტმა აღნიშნა, …