ტურინის „იუვენტუსი“ ზაფხულში აქტიურობას აპირებს და შემადგენლობას გააძლიერებს. Tuttosport-ის ინფორმაციით, „ბებერი სინიორას“ მთავარი სამიზნე ფლორენციის „ფიორენტინას“ 21 წლის შემტევი ფედერიკო კიეზა იქნება.
კიეზა „ფიორენტინაში“ ლიდერია, თუმცა, ის ამბიციური ფეხბურთელია და სურს გამარჯვებული იყოს. ამიტომ, „იუვენტუსი“, რომელსაც კრიშტიანუ რონადუ ჰყავს, მისთვის იდეალური ადგილია.
ტურინში ფედერიკოს ქომაგები თბილად შეხვდნენ და „ფიორენტინასთან“ მატჩის დროს აპლოდისმენტებითაც გააცილეს. ესეც კარგის ნიშანია. გარდა ამისა, კიეზას ფედერიკო ბერნარდესკის სახით ნათელი მაგალითი აქვს, რომელიც სწორედ „იებიდან“ გადავიდა „იუვეში“ და ახლა უკვე ჩემპიონთა ლიგაზე ძირითად შემადგენლობაში თამაშობს და თანაც წარმატებით.
რაც შეეხება მეორე სამიზნეს, ეს ნიკოლო ძანიოლო გახლავთ, რომელიც „რომაში“ თამაშობს. „იუვენტუსს“ არ სურს ხელიდან გაუშვას იტალიური ფეხბურთის ერთ-ერთი მთავარი იმედი და „ჯალოროსისთან“ მოლაპარაკებების ფაზას დაიწყებს.
რა თქმა უნდა, ორივე მოთამაშის ხელში ჩაგდება ადვილი არ იქნება და დიდძალი თანხაც საჭირო იქნება, მაგრამ „იუვენტუსი“ ამისთვის მზადაა.