რომის „ლაციოს“ მთავარმა მწვრთნელმა სიმონე ინძაგიმ „იუვენტუსთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა. „არწივების“ თავკაცის განცხადებით, ასეთ მატჩებში შეცდომის დაშვების უფლება არცერთ გუნდს არ აქვს.
„ამჯერად ჩემპიონატისგან განსხვავებული თამაში იქნება. სასწორზე სეზონის პირველი ტიტულია, ეს იქნება ბრძოლა, სადაც შეცდომების დაშვება არ შეიძლება, რადგან ერთმანეთს ისეთი ორი გუნდი ხვდება, რომელთაც ნებისმიერი მომენტიდან შეუძლიათ გოლის გატანა.
ჩვენ ძალიან კარგ ფორმაში ვართ, ჩემპიონატში ზედიზედ რვა თამაში მოვიგეთ. ფინალი კი ყოველთვის განსაკუთრებულია. ჩემს ბიჭებში დიდ კომპაქტურობას ვხედავ.
„იუვენტუსის“ დიდი ხარისხის გუნდია, კარგ ფეხბურთს თამაშობს, ამიტომ ძალიან კონცენტრირებული უნდა ვიყოთ. რონალდუ? ყველა ვიცნობთ მას, ეს არის ჩემპიონი, რომელსაც ნებისმიერ დროს შეუძლია თამაშში გარდატეხის შეტანა“, – განაცხადა ინძაგიმ.
ინძაგიმ პრესკონფერენციაზე გუნდის კაპიტანი სენად ლულიჩი იახლა და ბოსნიელმაც გააკეთა კომენტარი დღევანდელი შეხვედრის შესახებ:
„ჩვენთვის ძალიან რთული თამაშია. ჩვენ კარგად ვთამაშობთ და უპირველეს ყოვლისა ბოლო წამამდე გვჯერა გამარჯვების, რაც წინა მატჩებში დავამტკიცეთ. ვგრძნობთ, რომ ძლიერები ვართ. „იუვენტუსის“ ყველა ფეხბურთელს უნდა მივაქციოთ ყურადღება, არ გვეშინია, მოედანზე მაქსიმალური მონდომებით გავალთ. ასეთ მატჩებში ყველაფერი შეიძლება მოხდეს“, – აღნიშნა ლულიჩმა.
შეგახსენებთ, რომ „იუვენტუსისა“ და „ლაციოს“ მატჩი დღეს თბილისის დროით 20:45 საათზე დაიწყება.