ტურინის „იუვენტუსის“ მეკარე ვოიცეხ შჩესნი DAZN-ს ესაუბრა და განაცხადა, რომ შეტევაში უფრო მეტი ყურადღებით თამაშია საჭირო. პოლონელი ფეხბურთელის განცხადებით, გუნდი ნელ-ნელა იდეალურ ფორმაში შევა.
„ჩვენ ყოველთვის ვცდილობთ ინტენსივობა შევინარჩუნოთ, მაგრამ ისიც აშკარაა, რომ გარკვეულ მატჩებს განსხვავებული მოტივაცია მოაქვს. თუმცა, მომავალში ამ ასპექტის გაუმჯობესება მოგვიწევს, რადგან ყოველთვის მაღალი დაძაბულობა იქნება.
მომდევნო თვეებში უფრო მეტად დალაგებულად ვითამაშებთ. ჯერ კიდევ არ ვართ მყარი გუნდი, თამაშში 2-3 საგოლე შანსს გვიქმნიან ჩვენს კართან და ეს „იუვენტუსს“ არ ახასიათებს. მიუხედავად ამისა, თავდაცვით დონეზე არმგონია, რომ გვიჭირს, მეტიც თამაშებს ვაკონტროლებთ, თუმცა მაინც რამდენიმე ეპიზოდი, რომელიც სხვაობას იწვევს, ეს უნდა გამოსწორდეს.
მეტოქის კარის წინ მეტი ცივსისხლიანობაა საჭირო. ნაკლებად კონცენტრირებულნი ვართ შეტევაში. ვარჯიშებზე როგორ თამაშობენ თავდამსხმელები? შჩესნისთვის და ბუფონისთვის გოლების გატანა ადვილი არაა (იღიმის)… ხუმრობა იქით იყოს და ჩვენ მსოფლიო დონის ფეხბურთელები გვყავს, იქნება ისეთი მატჩებიც, როდესაც 4-5 გოლს გავიტანთ.
„იუვენტუსში“ საუკეთესო სეივი? ალბათ, ორი წლის წინ „რომასთან“ შიკის დარტყმა, მატჩის მიწურულს, ძალიან მნიშვნელოვანი სეივი იყო, მაგრამ ყველაზე ლამაზი წელს, „ნაპოლისთან“ ალანის დარტყმის დროს შევასრულე“, – თქვა შჩესნიმ.