ტურინის „იუვენტუსის“ ვიცე-კაპიტანმა ლეონარდო ბონუჩიმ La Stampa-ს ვრცელი ინტერვიუ მისცა და საინტერესო საკითხებზე ისაუბრა. ლეომ გაიხსენა, რომ 2011 წელს კონტეს გეგმებში არ ჯდებოდა და „ზენიტში“ გადასვლასთან ძალიან ახლოს იყო.
მაურიციო სარის „იუვენტუსის“ მთავარ მწვრთნელად დანიშვნის ამბავი კი მისთვის ბოლო მომენტამდე დაუჯერებელი იყო.
სარი – მანამდე არ მჯეროდა, სანამ მისი მოსვლა პირადად არ ვნახე. ვიცოდით, რომ მასთან ერთად თამაშის სტილის შეცვლა მოგვიწევდა, ჩვენ ამას ვაკეთებთ, მაგრამ ეს ყველაფერი ჯერ პროცესშია, გვინდა ეს წელი ისტორიული გახდეს. მიზანი გამარჯვებაა ლამაზი თამაშით, მაგრამ თუ ბინძური თამაში იქნება საჭირო, ამისთვისაც მზად ვართ.
ცვლილებები დაცვის ხაზში – დაცვაში ჩვენს თამაშში დიდი ცვლილებებია, უპირველე ყოვლისა ჩვენთვის, მცველებისთვის. ასიმილაციას დრო სჭირდება, მაგრამ ეს სამუშაო ნაყოფს გამოიღებს. დიდ ჩემპიონატებში თამაში დაცვის ხაზზეა აგებულ. ჩვენ კონცენტრაციის ნაკლებობის გამო ამ დრომდე ბევრი ისეთი გოლი გავუშვით, რომელთა არგაშვება შეიძლებოდა.
დე ლიხტი – მას ვუთხარი: ჩვენ ყველამ გავიარეთ ეს ეტაპი და მომენტი, მათ შორის მეც, შარშან, როდესაც დავბრუნდი. ის მომავლის მცველია, ახალ მექანიზმთან შეწრყმა ადვილი არაა, რადგან ის არის ბიჭი, რომელსაც აქამდე ერთი-ერთზე უწევდა თამაში.
ალეგრი – ყველას მაქსიმუმამდე მისვლის თავისი გზა აქვს. ალეგრიმ 5 სკუდეტო მოიგო და ორჯერ ჩემპიონთა ლიგის ფინალში გაიყვანა გუნდი, არაფერია სათქმელი. ახლა სარის იდეებით გვიწევს ტკბობა და იმედია, რომ ეს ტიტულებს მოგვიტანს.
დერბი დელა მოლე – ყველაზე დასამახსოვრებელი დერბი 2014 წლის ნოემბერში იყო, როდესაც პირლოს გოლით 93-ე წუთზე მოვიგეთ. როდესაც ბოლოსკენ იმარჯვებ, სიხარული უფრო მეტია, მითუმეტეს დერბიში. ასევე მნიშვნელოვანი იყო 2015 წელს კუადროდოს გოლით მოგებული მატჩი. რთულ სიტუაციაში ვიყავით, ალბათ ამ წლებში ერთადერთი მომენტი იყო, როდესაც გვქონდა განცდა, რომ ქულებს ვერ მოვიპოვებდით. შემდეგ ქულები ქულებზე ვაგროვეთ და სკუდეტოც მოვიგეთ. ეს თამაში ნამდვილად წყალგამყოფი იყო, კუადრადოს გოლმა კი ისტორია გაგვაგრძელებინა.
განსხვავებული ცნობიერება – გვინდა მოედანზე გავიდეთ და თამაში ჩვენ ვაკონტროლოთ. გასულ წლებში ჩემპიონთა ლიგაზე სირთულეებს ვაწყდებოდით, ახლა უფრო მეტი თავდაჯერება გვაქვს. ვგრძნობთ, რომ ძლიერები ვართ, მაგრამ თავი უნდა ვაკონტროლოთ. საჭიროა გაუმჯობესება, რადგან მარტივად არაფერი უნდა მოგვეჩვენოს.
„ზენიტში“ ტრანსფერი – როდესაც გუნდში კონტე მოვიდა, მისთვის მეხუთე მცველი ვიყავი. ამ დროს „ზენიტის“ შეთავაზება მქონდა და იქ ვიყავი კონტრაქტის გასაფორმებლად. თუმცა, ვგრძნობდი, რომ დრო უკან არ დაბრუნდებოდა, წასვლა მარცხი იქნებოდა. ვიმუშავე და როდესაც სამ მცველიან ტაქტიკაზე გადავედით, მოედნიდან აღარ გავსულვარ.
მომავალი – “მილანის” მადლობელი ვარ, მაგრამ “იუვე” ჩემი სახლია. როდესაც ვხედავ, რომ ჩემი თანაგუნდელი კარიერას ასრულებს, ცოტა წნეხს განვიცდი. ახლა კარგად ვარ და მინდა თამაში გავაუმჯობესო. 5-6 წელი კიდევ მაქვს ტიტულების მოსაგებად.
ვეტერანები – ჯიჯი ნამდვილი საუფრთხოებაა. ჩვენ დაგვიბრუნდა ჩემპიონი და მეგობარი. კიელინი ყოველთვის ჩვენთანაა, არასდროს მინახავს ნეგატიური დღე. მისი მიზანია ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალისთვის დაბრუნდეს და ჩვენც ყველაფერს გავაკეთებთ ამისთვის.