ტურინის „იუვენტუსის“ კაპიტანმა ჯორჯო კიელინიმ, რომელიც ამჟამად ტრავმირებულია JTV-ის ვრცელი ინტერვიუ მისცა. ჯორჯომ აღნიშნა, რომ კარიერის დასრულებამდე ჩემპიონთა ლიგისა და ევროპის ჩემპიონატის მოგება სურს.
– შეიცვალა თქვენი ცხოვრების რიტმი, როდესაც ვერ თამაშობთ?
– დიახ, რა თქმა უნდა. დღის განმავლობაში შესაძლოა უფრო დაკავებული ვარ, რადგან დრო ფიზიოთერაპიას და დარბაზში ვარჯიშს მიაქვს, მაგრამ ყოველთვის სახლში. აღარ ვმოგზაურობ ქალაქიდან ქალაქში და ეს ყველაზე დიდი ცვლილებაა.
– გახსოვთ ახალგაზრდა კიელინი ლივორნოში?
– დიახ, მახსოვს. უფრო ცოცხალი იყო.ჩვენ ტყუპები ვართ, შესაბამისად, კლაუდიოსთან ერთად ვცელქობდი. ბურთით დივანზე ვთამაშობდით და შეგვეძლო მთელი სახლი დაგველეწა. საბოლოოდ, კლაუდიო დასაძინებლად ადრე მიდიოდა, მე- გვიან. ტყუპები ვართ, მაგრამ ყოველდღიურ ცხოვრებაში განსხვავებულები. განსხვავებაა ხასიათებში, მე უფრო მეტად მშვიდი.
– თქვენ ორმაგი სული გაქვთ, კიელინი მოედანზე საკმაოდ უხეში და არც ისე მშვიდია…
– დიახ, ეს ყოველთვის მახასიათებდა. ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში აგრესიულობა, რომელიც მინდორზე მქონდა, ცოთა ჩავაცხრე. თითქოს ვიბრძოდი კონკრეტული სულისკვეთებით, მჭირდებოდა მოედანზე მტრების შეძენა.
– ბავშვობიდან ასე იყო?
– დიახ, დიახ. ხასიათი ყოველთვის ასეთი მქონდა. მახსოვს, საწლის წინ შუადღიდან ვთამაშობდი, შემდეგ სახლიდან ვახშამზე მისასვლელად მიყვიროდნენ.
– დაცვაში თამაში გინდოდათ თუ გოლების გატანა?
– ყველაფერი. ყველა ყველას წინააღმდეგ იყო. მახსოვს, რომ სკოლაში უფროსებთან ერთად ვთამაშობდი და დიდ პატივს ვცემდი. 6 წლის 10 წლის წინააღმდეგ, არ მეშინოდა არავისთან თამაში.
– სტიკერების ალბომი გქონდათ?
– დიახ, საშობაოდ ყოველთვის მინდოდა საჩუქრად სტიკერების ალბომი.
– ლივორნოში კალათბურთიც პოპულარულია…
– კალათბურთით ცხოვრება დავიწყე მილანთან ფინალიდან რამდენიმე წელში. ყოველ კვირას კალათბურთის მატჩზე დავდიოდით, რომელიც 18:00 საათზე იწყებოდა.
– ყველა მოთამაშე ვინც აქ ხვდება, ამბობს, რომ ტურინი მუშაობისთვის იდეალური ქალაქია…
– პირველ რიგში ადამიანური თვალსაზრისით. ყველაფერი არსებობს, მაგრამ მთავარი სიმშვიდეა. მე მანამდე ფლორენციაში ვცხოვრობდი, რომელიც ბრწყინვალეა, თუმცა, ბევრად ქაოტურია. ტურინი კი, პატარაა, 30 წუთში სამხრეთიდან ჩრდილოეთში აღმოჩნდები, მაგრამ საშუალებას გაძლევს მშვიდად ისეირნო ცენტრში. ცხადია, შაბათ-კვირას ეს უფრო შეზღუდულია და რთულია, თუმცა ოჯახთან ერთად შეგიძლია მშვიდად დასვენება.
– რა განსხვავება „იუვესა“ და სხვა გუნდებს შორის? ბევრ გუნდში არ გითამაშიათ, მაგრამ მაინც გეცოდინებათ…
– ბევრ გუნდში არ მითამაშია და გამიმართლა, რომ კარგად ვიყავი, თუმცა აქ 15 სეზონით დარჩენა ადვილი არაა. წარმატებას იღბალი სჭირდება, ტურინში ამბიციური ხელმძღვანელობაა, წლიდან წლამდე იზრდები, თუ უკეთესად ხარ, სხვაგან წასასვლელად გზას აღარ ეძებ.
– გამარჯვევებს არ ეჩვევით?
– არა, ყოველთვის კარგად გვახსოვს, რომ გამარჯვებით არ უნდა დავკმაყოფილდეთ, ეს სტიმულს და ენერგიას გვაძლევს. გუნდის ხელმძღვანელობა მუდმივად ვითარდება, ჩემნაირი ხალხისთვის, ვინც აქ წლებია იმყოფება, უფრო სასიამოვნოა, რომ გუნდი წლიდან წლამდე უმჯობესდება.
– რომელი უფრო რთულია დიპლომის აღება თუ იბრას ან კავანის შეჩერება?
– ადვილი არაა იბრას, კრიშტიანუს ან კავანის შეჩერება, მაგრამ არც სწავლაა ადვილი, რადგან თამაშების დროს წნეხს მიჩვეული ხარ, გამოცდა კი ორმაგი პასუხისმგებლობაა.
– როგორ ახერხებს კიელინი იყოს მცველი, გოლეადორი, ფლანგის ფეხბურთელი და წარმოუდგენელი გოლების გატანას მარჯვენა ფეხით?
– ეს კოორდნაციაა, გოლის შეგრძნება. ეს არის ის, რასაც ვერ ისწავლი, უბრალოდ მოედანზე ხდება. ბოლო დროს თავით უფრო ნაკლები გოლი გამაქვს, ვიდრე ახალგაზრდობაში, როდესაც მეტი ფიზიკური ძალა მქონდა, უფრო მეტად შეტევაც შემეძლო. მთლიანობაში თუ არ მოძრაობ, არ გაქვს ძალა, გოლებს ვერ გაიტან.
– მარჯვენა ფეხით თამაში დახვეწეთ…
– დიახ, მართალია. ბოლო გოლები თითქმის ყველა მარჯვენა ფეხით გავიტანე. ეს მუშაობის შედეგია, მაგრამ შესაძლოა თავისით მოვიდა. დრო არ მქონდა, რომ ვარჯიშების შემდეგ ამაზე მემუშავა, რადგან ენერგია უნდა გადამენაწილებინა, მეთამაშა და კარგად ვყოფილიყავი. თუმცა ვარჯიშების დროს 20 პასს ვაკეთებდი მარჯვენა ფეხით და ვცდილობდი კარგად გამეკეთებინა.
– „კინგ კონგის“ აღნიშვნა?
– მინდოდა რაღაც ახალი მეპოვნა, რომელიც დამახასიათებდა. ეს იდეა ლივორნოს ბავშვობის მეგობრებისგან დაიბადა. ადრიანო გამოხატავდა ჰალკს, შესაბამისად, მიბაძვა არ შემეძლო, ამიტომ გადავწყვიტე გოლები „კინგ კონგის“ სტილში აღმენიშნა.
– ცრუმორწმუნე ხართ? არსებობს ოცნება, რომელსაც არ ამხალთ?
– არა, მინდა 10 სკუდეტო მოვიგო, გარდა ამისა, ჩემპიონთა ლიგა და ევროპის ჩემპიონატი. ამ სამიდან ერთიც რომ მოხდეს, ძალიან კმაყოფილი ვიქნები. თუ არცერთი – მაინც კმაყოფილი ვიქნები. ვფიქრობ, მთავარია მაქსიმუმის გაღება და ასეთ დროს სინანური არ იარსებებს. ცხადია, ბევრ თამაშს თავიდან ვითამაშებდი, მაგრამ ეს ცხოვრების ნაწილია, არამარტო ფეხბურთის. ამ თვალსაზრისით არაფერს ვნანობ, კმაყოფილი ვარ იმით, რასაც ვაკეთებ. კიდევ მაქვს რამდენიმე წელი გამოწვევებისთვის. ეს ტრავმაც ჩემთვსი გამოწვევაა და დავამტკიცებ, რომ ჯერ კიდევ შემიძლია დავტკბე კარიერის ბოლო მომენტებით. უნდა ვაღიარო, რომ უკანასკნელი რამდენიმე წელია ჩემი კარიერით სიამოვნება მივიღე. 500 თამაში „იუვეში“, „იუვეს“ კაპიტნობა, 100 მატჩი იტალიის ნაკრებში – ისტორიული მომენტებია. საბოლოო ჯამში „იუვენტუსში“ ყოველი 100 თამაში განსაკუთრებულია, სამწუხაროა, რომ მეექვსასე მატჩს ნამდვილად ვერ ჩავატარებ, მაგრამ ისინი ყოველთვის კარგი გასახსენებელია.
– 2016 წელს, ბუფონის მშრალი სერიის რეკორდი მას შემდეგ დაიწყო, რაც თქვენ კარის ხაზიდან ბურთი გამოიტანეთ „სამპდორიასთან“ მატჩში. რომელი უფრო კარგია, გოლის გატანა თუ გუნდის გოლისგან გადარჩენა?
– გოლისგან გადარჩენას არაფერი შეედრება. რამდენიმე ეპიზოდი მახსენდება „იუვე“ – „მონაკოს“ მატჩებიდან, ერთი „ტოტენჰემთან“.