ტურინის „იუვენტუსის“ ნახევარმცველი მირალემ პიანიჩი Tuttosport-ს ესაუბრა. ბოსნიელი ფეხბურთელის განცხადებით, მაურიციო სარისთან მუშაობა ძალიან მოსწონს, რადგან სწორედ ასეთი სათამაშო სტილი ხიბლავს.
„ვინმეს დადანაშაულება ყოველთვის მარტივი გზაა. გვესმის, რომ მსაჯები ცდებიან, ისევე როგორც ჩვენ. დღეს VAR-ი არბიტრებს ძალიან ეხმარება, ასევე ხალხსაც. თეორიულად ამან პოლემიკა უნდა გამორიცხოს. საბოლოოდ, ძლიერი გუნდები ალიბის ძებნის გარეშე იმარჯვებენ, ხოლო შეცდომებიც გვესმის, როგორც ჩვენს სასარგებლოდ, ისე საწინააღმდეგოდ.
„ინტერთან“ დუელი შესანიშნავია, რადგან მოდუნების უფლებას არ გვაძლევს. მაგრამ ეს ყველაზე მნიშვნელოვანი არაა, მთავარია, რომ ჩვენ ჩვენს გზას უნდა მივყვეთ. შიშის გარეშე უნდა ვითამაშოთ, დავამტკიცეთ, რომ ეს გუნდი გამარჯვებისთვისაა შექმნილი და გვინდა სკუდეტო ისევ ტურინში დავტოვოთ.
ვგრძნობ, რომ გუნდი მშვიდადაა, ძლიერი ფეხბურთელები გვყავს, არ გვეშინია. თებერვალ-მარტს შემადგენლობის ყველა წევრით უნდა შევხვდეთ, ტრავმების გარეშე და ყველასთან პრობლემების გარეშე ვითამაშებთ, ძალიან მჯერა. ეს გუნდი საუკეთესოთა შორისაა.
სარისთან მუშაობა ძალიან სასიამოვნოა, რადგან ბურთი ხშირად გვაქვს, ხშირად მეტოქის ნახევარზე ვართ. ეს უფრო სასიამოვნოა, ვიდრე მეტოქის გარშემო სირბილი. მომწონს, რომ ერთი-ორი შეხებით ვთამაშობთ, რადგან ასეთ დროს ბურთი უფრო სწრაფად მოძრაობს. მეც მსგავსი თამაში მომწონს, რაც შეიძლება ნაკლები შეხებით“, – განაცხადა პიანიჩმა.