ტურინის „იუვენტუსის“ მეკარემ ვოიცეხ შჩესნიმ „ატლეტიკოსთან“ მატჩამდე ისაუბრა. პოლონელი კიპერ ოპტიმისტურადაა განწყობილი და ამბობს, რომ რთული მდგომარეობის მიუხედავად „იუვეს“ შეუძლია მეოთხედფინალში გასვლა.
„კარგად ვართ, ერთი სული გვაქვს ამ შესანიშნავ თამაშში ვითამაშოთ. გვინდა ვისიამოვნოთ და გავიმარჯვოთ. პირველ შეხვედრაში უკეთ უნდა გვეთამაშა, როგორც დაცვაში, ისე შეტევაში. თითქოს ეს მარტივია, მაგრამ ასე არაა. თუმცა, გვჯერა, ძალიან კარგად ვართ და ჩემპიონთა ლიგის ბოლო მატჩებმაც გვანახა, რომ დასრულებული არაფერია. ჩვენ ოპტიმისტები ვართ, ვმუშაობთ, რამდენი ფეხბურთელიც უნდა დაგვიბრუნდეს.
რთულ თამაშს ველოდებით, მეტოქე ძალიან ორგანიზებულია და კარგად მუშაობს მეორე სართულზე და კონტრშეტევებზე. თუმცა, ვიმეორებ, გვჯერა, რომ სამშაბათს ყველაფერი კარგად იქნება.
ვინ გადაწყვეტს ამ თამაშის ბედს? თუ ერთი სახელი უნდა ვთქვა, მაშინ რონალდუ, ის გადამწყვეტი მოთამაშე, დიდი გამოცდილებით და შეუძლია გადამწყვეტი გოლების გატანა“, – თქვა შჩესნიმ.
შეგახსენებთ, რომ „იუვენტუსისა“ და „ატლეტიკოს“ შეხვედრა 12 მარტს, თბილისის დროით 23:55 საათზე დაიწყება.