ტურინის „იუვენტუსის“ მთავარი მწვრთნელი მაურიციო სარი ტაქტიკურ სქემას ცვლის. სეზონი „ბებერმა სინიორამ“ 4-3-3 სქემით დაიწყო, მაგრამ ბოლო შეხვედრაში „ბრეშასთან“ სარიმ 4-3-1-2 გამოიყენა.
ბევრის მოსაზრებით, ტურინელებმა სწორედ ლომბარდიაში ჩაატარეს საუკეთესო შეხვედრა მიმდინარე სეზონში. გარდა ამისა, „იუვეს“ შეტევაში ფლანგებზე პრობლემები წარმოექმნა და სარი იძულებული გახდა სქემა შეეცვალა.
დუგლას კოშტა ტრავმირებულია, ხუან კუდრადო კი ფლანგის მცველების დაზიანებების გამო იძულებულია დაცვაში ითამაშოს. შედეგად, მაურიციოს არჩევანი შეეზღუდა. იტალიური მედიის ცნობით, მინიმუმ იქამდე, სანამ დუგლას კოშტა ტრავმას მოირჩენს „იუვე“ 4-3-1-2 სქემით ითამაშებს.
„ჩვენ მზად უნდა ვიყოთ, როგორც 4-3-3, ისე 4-3-1-2 სქემისთვის“, – თქვა სარიმ „ბრეშასთან“ მატჩის შემდეგ.
იგივე სარი სეზონის სამზადისის დროს ამბობდა, რომ რონალდუს მარცხენა ფლანგზე მოიაზრებდა შეტევაში, მაგრამ პორტუგალიელთან ერთად 4-3-1-2-ისთვის მზადაა. ამ შემთხვევაში კრიშტიანუ ორიდან ერთ-ერთი ფორვარდის პოზიციაზე გაირჯება. რაც შეეხება ე.წ „ტრეკვარტისტას“, იგივე გამთამაშებელს, სარის ორი არჩევანი აქვს – აარონ რემზი პირველ ყოვლისა და შემდეგ პაულო დიბალა. ამავე პოზიციაზე გარჯა შეუძლია ფედერიკო ბერნარდესკისაც.
აღსანიშნავია, რომ სარი ჯერ კიდევ „ემპოლიში“ მოღვაწეობის პერიოდში 4-2-3-1 სქემას ანიჭებდა უპირატესობას, მაგრამ ფრანჩესკო ტავანოსა და მასიმო მაკარონეს გამო 4-3-1-2-ზე მოუწია გადასვლა და სწორედ იმ პერიოდიდან დაიწყო „ემპოლის“ ჩინებული ფეხბურთის თამაში.
მოგვიანებით, „ნაპოლიში“ სარი 4-3-3 სქემაზე გადავიდა, მაგრამ კიდევ ერთხელ უნდა შეცვალოს გეგმა. ვნახოთ, რას მოუტანს იტალიელ სპეციალისტის ძველ-ახალი ტაქტიკა „იუვენტუსში“.