„ბრეშასთან“ ბოლო შეხვედრამ „იუვენტუსს“ სატურნირო ცხრილში სამი ქულა შემატა, მაგრამ ასევე დაუმატა პრობლემები დაცვაში, რადგან დანილო დაშავდა და როგორც გუშინ ვწერდით, ბრაზილიელი მოედანს სანაკრებო პაუზის შემდეგ (ოქტომბრის შუა რიცხვებში) დაუბრუნდება.
გარდა ამისა, გუნდს ალექს სანდროც დააკლდა, რომელსაც ოჯახში ტრაგედია შეემთხვა, მამა გარდაეცვალა და პირველივე რეისით ბრაზილიაში გაფრინდა. სანდრომ კლუბს პირობა მისცა, რომ „სპალთან“ მატჩამდე ტურინში დაბრუნდებოდა, მაგრამ დრო ძალიან მჭიდროა (2 დღე), რაც იმას ნიშნავს, რომ სამხრეთ ამერიკელს უახლოეს შეხვედრაში ალბათ ვერ ვიხილავთ.
ალექსმა შესაძლაო დაბრუნება მართლაც მოასწროს, მაგრამ ფრენის შემდეგ მისი დაუყოვნებლივ მოედანზე შეშვება სავარაუდოდ მის ფიზიკურ მდგომარეობაზე ძალიან უარყოფითად აისახება.
თუ ალექს სანდრო „სპალთან“ ვერ ითამაშებს, მაურიციო სარის განკარგულებაში ერთადერთი ფლანგის მცველი დარჩება – ხუან კუდრადო (ისიც შემტევია, მაგრამ მოცემულ ვითარებაში მცველად უნდა გაისარჯოს). დანილოს გარდა ტრავმირებულია მატია დე შილიოც. სხვა ფლანგის მცველი კი ამჟამად „იუვენტუსში“ ფიზიკურად არ ირიცხება.
მოვლენების ასეთი განვითარების შემთხვევაში, არაა გამორიცხული სარიმ მარცხენა მცველის პოზიციაზე დროებით მერიჰ დემირალი დაამწესოს.