ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მაურიციო სარიმ „ლიონთან“ (0:1) მარცხის შემდეგ კომენტარი გააკეთა, იტალიელი სპეციალისტის აზრით, წაგების მთავარი მიზეზი ფეხბურთელების ნაკლები მოძრაობა, დაბალი ტემპი და ბურთით ნელა მოქმედება იყო.
„საშინელი პირველი ტაიმი? ზოგჯერ ეს ხდება, მაგრამ რთული ასახსნელია რატომ. ბურთს ძალიან ნელა ვათამაშებდით და როდესაც ასე ნელა აკეთებ, შემდეგ შეტევაში სივრცის პოვნა ძალიან გიჭირს. ბურთის სწრაფად გადაადგილებაში ძალიან მოვიკოჭლებდით. გოლი მაშინ გავუშვით, როდესაც დე ლიხტი მოედანზე არ იყო და მკურნალობდა. მეორე ტაიმი აშკარად უკეთესი იყო, მაგრამ ჩემპიონთა ლიგისთვის ეს ძალიან ცოტაა. დიდი სირთულეები გვაქვს ბურთით სწრაფად თამაშში, მაშინაც კი თუ ორი შეხებით ვთამაშობთ, ძალიან ნელა ვმოქმედებთ. უნდა ვიმუშაოთ, ადრე თუ გვიან ეს უნდა გადავლახოთ. საბედნიეროდ წინ კიდევ 90 წუთი გვაქვს.
რატომ ვბრაზობდი? ძირითადად ნელა მოძრავი ბურთის გამო, რამდენიმე მოთამაშე კი საერთოდ არ მოძრაობდა, ცუდ ფორმაში ვიყავით. ყველაფერი იწყება იქიდან, როდესაც ბურთი ნელა მოძრაობს.
რა მოხდა მატუიდისა და ბონუჩის შორის? არ დამინახავს, იქ არ ვყოფილვარ, მაგრამ მითხრეს, რომ ყველაფერი რიგზე იყო. უცნაურია, რომ იმის ნაცვლად საკუთარი თავი გავაძლიეროთ, ბურთით სწრაფად გავაკეთოთ მანევრირება, კიდევ უფრო ნელა ვთამაშობთ. ამ სიჩქარით ყველაფერი რთულდება. ისინი თავგამოდებით არ გვიტევდნენ, მაგრამ უკნიდან დაბალ ტემპში ვითამაშეთ და ასე ფეხბურთის თამაშის ძნელია. ვარჯიშებზე ყველაფერი სხვანაირად ხდება და ეს უცნაურია.
მეორე ტაიმი უკეთესი იყო, ბურთი უფრო სწრაფად მოძრაობდა, და ბურთის გარეშეც მეტს ვმოძრაობდით.
დიბალაზე პენალტი? იტალიაში ორივე პენალტი იქნებოდა, რონალდუზეც და დიბალაზეც. ევროპაში შეფასების განსხვავებული სტანდარტია და ჩვენ ამას უნდა შევეჩვიოთ“, – თქვა სარიმ.
შეგახსენებთ, რომ “იუვენტუსისა” და “ლიონის” საპასუხო მატჩი ტურინში 17 მარტს გაიმართება.