ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მაურიციო სარიმ „ინტერთან“ (2:1) გამარჯვების შემდეგ ისაუბრა. იტალიელმა სპეციალისტმა შედეგზე მეტად გუნდის თამაშს გაუსვა ხაზი და აღნიშნა, რომ ამ მომენტში მთავარი სწორედ ესაა.
„სატურნირო ცხრილში პირველ ადგილზე გადასვლა ამ მომენტში ნაკლებად მნიშვნელოვანია. მთავარია თამაშის ხარისხი ძლიერი გუნდის წინააღმდეგ, რომელსაც აქამდე ყველაზე მატჩი მოგებული ჰქონდა. თამაშში კარგად შევედით და გამარჯვებაც დავიმსახურეთ.
24 პასი იგუაინის გოლის დროს? ეს დამოკიდებულია ფეხბურთელების ხარისხზე, რომელთაც შეუძლიათ კარგად კომბინირება. ამ თვალსაზრისით წინ მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადავდგით. შეგვიძლია გავზარდოთ დომინირება, ვიმოქმედოთ დაკარგულ ბურთებზე, ყოველთვის წავართვათ ინიციატივა მეტოქეებს.
პროგრესი გვაქვს, მაგრამ 100%-ით ჯერ კიდევ არა. მიუხედავად ამისა, გუნდი ძლიერია და შეგვიძლია დადებით შედეგებს მივაღწიოთ. დიბალა, იგუაინი და რონალდუ ერთად? ეს გამოსავალი ვცადეთ, მაგრამ სწორედ ამ მომენტში პაულო დაღლილი იყო, დავინახე, რომ თამაშის სურათი იცვლებოდა და ამიტომ, შევცვალე“, – განაცხადა სარიმ.
შეგახსენებთ, რომ „იუვენტუსი“ სერია A-ს გათამაშებას 19 ქულით ლიდერობს, ხოლო მომდევნო მატჩს 19 ოქტომბერს, ტურინში, „ბოლონიასთან“ ჩაატარებს.