ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მაურიციო სარიმ „ლევერკუზენთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა. იტალიელმა სპეციალისტმა როგორც სამომავლო გეგმებზე, ისე განვლილ მატჩებზე ისაუბრა.
გარდა ამისა, „ლევერკუზენი“ შეაქო და აღნიშნა, რომ ძალიან ძლიერი გუნდია.
„პირველი საშინაო თამაში შეიძლება მნიშვნელოვანი იყოს კვალიფიკაციისთვის და თუ „ბაიერის“ ძალას ვაცნობიერებთ, შეუძლებელია ჯერ „ინტერზე“ ვიფიქროთ. ვეთამაშებით გუნდს, რომელიც ბუნდესლიგაში მეორე ადგილზეა და რომელსაც თავის ჩემპიონატში ბურთის ფლობის საუკეთესო მაჩვენებელი აქვს. ფიზიკურად ძალიან ძლიერი გუნდია, შესაბამისად, ძალიან რთული მატჩი იქნება. იციან ბურთის შენარჩუნება, გრძელი პასებით თამაში და ახლა სხვა რამეზე ფიქრი დიდი შეცდომა იქნება.
ჩვენ ბოლო სამ თამაშში ჩვენი ხარისხი მკაფიოდ გამოკეთდა. გვაქვს კარგი ფასეულობები და ფიზიკური მდგომარეობა. ჩემპიონთა ლიგა საუკეთესო ტურნირია, სადაც სიხარულით და კმაყოფილებით უნდა ითამაშო, რადგან ევროპაში ყველაზე მნიშვნელოვან მატჩებს ატარებ. ამ ტურნირზე ეპიზოდებს ფუნდამენტური მნიშვნელობა აქვს, შესაბამისად, ჩვენი მიზანი ნათელია, გვინდა ბოლომდე მივიდეთ, მაგრამ ვიცით, რომ ამ ტურნირზე ათასი ფაქტორია მთავარი. ასე, რომ ახლა მხოლოდ ჯგუფიდან გასვლაზე ვფიქრობთ.
რემზი კარგად მუშაობს, გამიკვირდა, რომ ტრავმის შემდეგ ასე სწრაფად დაგვიბრუნდა. მას მძიმე ტრავმა ჰქონდა და ჯერ კიდევ აქვს გასაუმჯობესებელი თამაში იმის გათვალისწინებით, რომ ჯერ მხოლოდ სამი თამაში ჩაატარა.
ბურთთან ურთიერთობა ბოლო მატჩებში გამოვასწორეთ, მაგრამ ახლა საგოლე მომენტების რეალიზაციის გაზრდაზე უნდა ვიზრუნოთ. ბოლო ორ თამაშში 21 საგოლე მომენტი გვქონდა, მაგრამ მხოლოდ 4 გოლი გავიტანეთ. არ მინდა საჯარიმოში ცივსისიხლიანობა გვაკლდეს და ამიტომ, ამ საკითხზე სამუშაოა“, – აღნიშნა სარიმ.
შეგახსენებთ, რომ „იუვენტუსისა“ და „ლევერკუზენის“ შეხვედრა 1 ოქტომბერს, თბილისის დროით 23:00 საათზე დაიწყება.