დანიელე რუგანი შესაძლოა „რომაში“ გადავიდეს. როგორც იტალიური მედია და კერძოდ, Calciomercato იტყობინება, „ჯალოროსის“ წარმომადგენლები ფეხბურთელის აგენტ დავიდე ტორჩიას დაუკავშირდნენ.
საქმე ისაა, რომ რუგანი უკმაყოფილოა იმით, რომ „იუვენტუსში“ ლეონარდო ბონუჩის და ჯორჯო კიელინის პირველი ალტერნატივაც არაა და მასიმილიანო ალეგრი მეჰდი ბენატიას ამჯობინებს. აქედან გამომდინარე არაა გამორიცხული, რომ იანვარში იტალიის დედაქალაქს მიაშუროს.
საინტერესოა, რომ „იუვენტუსი“ „რომას“ ფეხბურთელებით, კოსტას მანოლასით და ლორენცო პელეგრინითაა დაინტერესებული და არაა გამორიცხული გარიგებაში რუგანიც ჩართოს.
ყველაფერს ნათელი მალე უნდა მოეფინოს. ცოტა ხნის ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ „იუვე“ და რუგანი ახალ კონტრაქტს გააფორმებდნენ, მაგრამ ბოლო დღეებში ვითარება შეიცვალა. ამჟამინდელი ხელშეკრულება ძალაში 2021 წლის ზაფხულამდეა.
შეგახსენებთ, რომ 24 წლის ფეხბურთელი „იუვემ“ 2015 წელს „ემპოლიდან“ დიდი იმედით დაიმატა, თუმცა, რეალურად დანიელეს თავის გამოჩენის შესაძლებლობა სამწვრთნელო შტაბმა დღემდე არ მისცა.