ტურინის „იუვენტუსის“ თავდამსხმელმა კრიშტიანუ რონალდუმ მოსკოვის „ლოკომოტივთან“ მატჩის წინ პრესკონფერენციაზე ისაუბრა. პორტუგალიელის განცხადებით, ყველა ფეხბურთელი გუნდისთვის თამაშობს და სწორედ ეს აყალიბებს გუნდს გამარჯვებულად.
სარის თამაში
„ვფიქრობ გუნდი კარგად მუშაობს, შარშანდელთან შედარებით განსხვავებული ფეხბურთს ვთამაშობთ. შეიცვალა მწვრთნელი, სისტემა, ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ გასაუმჯობესებლად და ვფიქრობ, რომ წარმატებას მივაღწევთ. მომწონს სარის სტილი. საკუთარ თავს უფრო ვენდობით, უფრო წინ ვთამაშობთ, მეტ საგოლე მომენტს ვქმნით. სეზონი ორი თვის წინ დაიწყო და ჯერ კიდევ ბევრი გვაქვს მოსამატაებელი, მაგრამ აქამდე რაც გავაკეთეთ საამაყოა და კმაყოფილების საბაბია.
გუნდური და ინდივიდუალური ტიტულები
ეს ყოველწლიური გამოწვევაა ჩემთვის და „იუვენტუსისთვის“. გვინდა გამარჯვება ჩემპიონატში და ჩემპიონთა ლიგაზე. დიდ მიზნებზე უნდა ვიფიქროთ და ვეცადოთ ყველა ტურნირის მოგება, სადაც ვთამაშობთ. ვფიქრობ, ეს შესაძელებელია. ინდივიდუალურ ასპექტს არ აქვს მნიშვნელობა, მთავარი გუნდია. ხვალ მნიშვნელოვანი თამაშია, რომელსაც შესაძლოა კვალიფიკაციის თვალსაზრისით გადამწყვეტი მნიშვნელობა ჰქონდეს. თუ გუნდი მოიგებს ტიტულებს, მაშინ ინდივიდუალური ჯილდოების მოგებაც შესაძლებელია. 700 გოლი? ეს უკვე წარსულის ნაწილია და მსურს უფრო შორს წასვლა გუნდის გამარჯვების დასახმარებლად. ეს არის პრიორიტეტი და მაშინ გოლები ბუნებრივად მოვა.
ოჯახის მნიშვნელობა
ჩემთვის ყველაზე მთავარი სწორედ ოჯახია. რა მაბედნიერებს? გამარჯვება, გოლის გატანა, სახლში მისვა და ჩემი ბედნიერი შვილების ნახვა. ეს არის ის, რაც მოტივაციას მაძლევს, რომ მოედანზე ყოველდღე გავიდე და ხალხი გავახარო.
დიბალასთან და იგუაინთან შეთამაშება
დიბალა და იგუაინი ფანტასტიკური ფეხბურთელები არიან, ისევე როგორც ბერნარდესკი და კუადრადო. მწვრთნელი იღებს გადაწყვეტილებას, მაგრამ მნიშვნელობა არ აქვს ვინ ითამაშებს. ორი კვირის წინ დიბალამ ითამაშა ძირითადში და გაიტანა, შემდეგ იგუაინი შემოვიდა და მატჩის ბედი გადაწყვიტა. ეს არის მთავარი, რომ ყველა გუნდისთვის თამაშობს. ყველას თავისი როლი აქვს და ეს ქმნის დიდ და გამარჯვებულ გუნდს“, – განაცხადა რონალდუმ.
შეგახსენებთ, რომ „იუვენტუსისა“ და მოსკოვის „ლოკომოტივის“ მატჩი 22 ოქტომბერს, თბილისის დროით 23:00 საათზე დაიწყება.