ტურინის „იუვენტუსმა“ ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალში თამაში სამი კვირის წინ გაიფორმა, ხოლო სამი დღის წინ ისიც გააოფიციალურა, რომ ჯგუფიდან პირველი ადგილით გავა. შესაბამისად, ახლა უკვე იმაზე შეუძლია იფიქროს, ვინ შეხვდება თებერვალ-მარტში დაგეგმილ მერვედფინალში.
ამ ეტაპზე „იუვენტუსის“ ყველა სავარაუდო მეტოქე ცნობილი არაა, თუმცა, რამდენიმე კონტური გამოკვეთილია და ახლა ამაზე ვისაუბრებთ:
მაგალითად, ცნობილია, რომ „იუვე“ მერვედფინალში ვერანაირად ვერ შეხვდება სხვა ჯგუფის პირველ ადგილოსნებს და მათი ჩამონათვალი საკმაოდ შთამბეჭდავია:
„პარი სენ ჟერმენი“, „ბაიერნი“, „მანჩესტერ სიტი“, „ბარსელონა“ – ამ გუნდებმა ტურინელთა მსგავსად უკვე გაინაღდეს ჯგუფში პირველი ადგილი და „ბებერი სინიორა“ მერვედფინალში მათ ვერ შეხვდება.
„იუვენტუსის“ ორი სავარაუდო მეტოქე კი, უკვე ოფიციალურადაა ცნობილი, სხვათა შორის, მათი სახელებიც საგანგაშოა: „რეალი“ და „ტოტენჰემი“.
მადრიდელები და ლონდონელები ჯგუფიდან მეორე ადგილით გავიდნენ და წილისყრამ შეიძლება რომელიმე არგუნოს „იუვეს“.
მეორეადგილოსნებს შორის ტურინული გრანდი ნამდვილად ვერ შეხვდება თავისი ჯგუფის წარმომადგენელს („ატლეტიკო“ ან „ლევერკუზენი“). თუ რომელიმე იტალიური გუნდი ასევე მეორე ადგილს დაიკავებს, მასთან თამაშიც გამორიცხული იქნება. ბოლო ტურის წინ სამ იტალიურ გუნდს („ინტერი“, „ნაპოლი“, „ატალანტა“) აქვთ ჯგუფიდან გასვლის შანსი და სამივეს მეორე ადგილით, თუმცა „ნაპოლი“ შეიძლება პირველი ადგილით გავიდეს.
A ჯგუფი
აქ ყველაფერი ნათელია: პსჟ პირველ ადგილზე გავიდა, „რეალი“ მეორეზე.
B ჯგუფი
იგივე ვითარებაა აქაც, „ბაიერნი“ პირველია, „ტოტენჰემი“ – მეორე.
C ჯგუფი
„მანჩესტერ სიტი“ პირველი ადგილით უკვე გავიდა, მეორე ადგილზე გასვლის შანსი ბოლო ტურის წინ სამ გუნდს აქვს. თუ „ატალანტა“ გავა „იუვენტუსის“ სავარაუდო მეტოქე არ იქნება, მაგრამ ზაგრების „დინამო“ ან დონეცკის „შახტარი“ (თუ რომელივე გავიდა), მერვედფინალის პოტენციური მოწინააღმდეგე იქნება.
D ჯგუფი
„იუვენტუსი“ პირველი ადგილით გავიდა. მეორე ადგილისთვის „ატლეტიკო“ და „ლევერკუზენი“ იბრძვიან, მაგრამ ეს ვარიანტი ტურინელებისთვის გამორიცხულია.
E ჯგუფი
ამ ჯგუფში ყველაზე მეტად ჩახლართული ვითარებაა. „ლივერპული“, „ნაპოლი“ და „ზალცბურგი“ იბრძვიან გასასვლელად. ამ ეტაპზე ინგლისელები პირველ ადგილზე არიან, თუ ბოლო ტურში „ზალბურგთან“ წააგებენ და „ნაპოლი“ სახლში „გენკთან“ ქულას მოიპოვებს, იურგენ კლოპის გუნდი ჯგუფში ჩარჩება. ასე, რომ ამ ჯგუფიდან ძალიან ბევრი ვარიანტია და სამივე გუნდს აქვს სამივე პოზიციაზე განლაგების შესაძლებლობა. ამიტომ, რთული სათქმელია ვინ იქნება აქედან „იუვეს“ სავარაუდო მეტოქე, უფრო სწორად ან „ლივერპული“ იქნება, ან „ზალცბურგი“, რომელიც გავა მეორე ადგილზე. თუ „ნაპოლის“ ერგება მეორე საფეხური, მაშინ ის ვერ იქნება სავარაუდო მოწინააღმდეგე.
F ჯგუფი
„ბარსელონას“ პირველი ადგილი გარანტირებული აქვს. ჯგუფიდან მეორე ადგილით გასასვლელად „ინტერი“ და „დორტმუნდი“ იბრძვიან. მილანელებს ბოლო ტურში „ბარსელონას“ დამარცხება სჭირდებათ და მერვედფინალში აუცილებლად გავლენ, „იუვეს“ მასთან თამაშის შესაძლებლობა პლეი-ოფის პირველ სტადიაზე არ ექნება. სამაგიეროდ, თუ „ინტერს“ „დორტმუნდი“ ქულებით აჯობებს, შავ-თეთრების პოტენციურ მეტოქედ გერმანული გუნდიც იქცევა.
G ჯგუფი
„ლაიფციგმა“ ჯგუფიდან გასვლა გაინაღდა, მაგრამ ჯერჯერობით უცნობია რომელი ადგილით. მეორე საგზურისთვის „ლიონი“ და „ზენიტი“ იბრძვიან. ამ სამიდან ერთ-ერთი მეორე ადგილზე გავა და აუცილებლად იქნება „იუვენტუსის“ სავარაუდო მეტოქე.
H ჯგუფი
ამ ჯგუფში პირველ ადგილზე „აიაქსია“, მეორე-მესამე პოზიციებს „ჩელსი“ და „ვალენსია“ ინაწილებენ. ჯერ ფიციალურად მერვედფინალის საგზური არავის მოუპოვებია. სამივე გუნდი შეიძლება აღმოჩნდეს საბოლოოდ მეორე ადგილზე და ვინც ამას შეძლებს, „იუვეს“ სავარაუდო მეტოქეთა სიაში იქნება.
ბოლოსკენ შეგახსენებთ, რომ ჩემპიონთა ლიგის ბოლო ტური 10-11 დეკემბერს გაიმართება, ამის შემდეგ ყველა სავარაუდო მეტოქე გახდება ცნობილი და წილისყრა კი, 16 დეკემბერს შედგება და ამ დღეს უკვე მერვედფინალის მეტოქე გაირკვევა.