ტურინის „იუვენტუსის“ ნახევარმცველი ადრიენ რაბიო ბოლო დროს პროგრესირებს და მისი თამაშის ხარისხი აშკარად გაუმჯობესდა. ფრანგი ფეხბურთელი Sky Sport-ს ესაუბრა და განვლილ პერიოდზე გააკეთა კომენტარი.
„ექვს თვეში ბევრი რამ შეიცვალა, ახლა მინდა ასე გაგრძელდეს. უნდა აღვიდგინო საუკეთესო კონდიცია, ფიზიკურად არ ყოფილა ადვილი, მაგრამ ახლა შემიძლია ვთქვა, რომ თავს კარგად ვგრძნობ.
მატუიდი? მისი მადლიერი ვარ, ჩვენ ერთად ხუთი წელი ვთამაშობდით და ბევრი რჩევა მომცა, ძალიან დამეხმარა. უნდა ვთქვა, რომ ზოგადად გუნდი ძალიან კარგი ადამიანებისგანაა დაკომპლექტებული, რომლებიც ყოველთვის მზად არიან დასახმარებლად.
მოედანზე მარცხენა მხარეს თავს უკეთ ვგრძნობ, მაგრამ მარჯვნივაც მომწონს თამაში. „იუვეს“ ფრანგები? ძალიან მომწონს ისეთი ლეგენდების შემდეგ აქ ვარჯიში, როგორებიც ზიდანი და დეშამი არიან, „იუვეს“ თავისი ისტორიის მცირე ნაწილი ფრანგულად აქვს და იმედია, მეც შევძლებ ამ ნაწილის ღირსი გავხდე. ტურინიც მომწონს და თავს კარგად გრძნობ.
სკუდეტო? ვფიქრობ, „ინტერს“ და „ლაციოს“ მოგება შეუძლიათ და ეს კარგია, რადგან ძლიერი გუნდების არსებობა ჩემპიონატის დონეს ზრდის. ეს გვიბიძგებს, რომ ვიყოთ ყურადღებით და რეგულარულად მაღალ დონეზე ვითამაშოთ. გარდა ამისა, უნდა ვახსენოთ „ატალანტა“ და „რომა“, – თქვა რაბიომ.