ტურინის „იუვენტუსმა“ იტალიის სერია A-ს მიმდინარე სეზონში პირველი მარცხი განიცადა. მასიმილიანო ალეგრის გუნდი 28-ე ტურში „ჯენოას“ ესტუმრა და სწორედ „ლუიჯი ფერარისზე“ დასრულდა შიდა ჩემპიონატში წაუგებელი სერია.
როგორც ჩანს და როგორც მოსალოდნელი იყო, „ატლეტიკოსთან“ შუა კვირაში შთამბეჭდავმა გამარჯვებამ დიდი ძალა წაიღო. განსაკუთრებით კი, ემოციური თვალსაზრისით, რადგან დღეს „იუვე“ აშკარად გამოფიტული და რაც მთავარი უმოტვაციო ჩანდა. შესაბამისად, „ჯენოამ“ დამსახურებულად მოიგო. სხვა თუ არაფერი, „იუვეს“ მეტოქის კარის ჩარჩოში ზუსტად საერთოდ არ დაურტყამს. გენუელებმა ორი გოლი გაიტანეს. ანგარიში 72-ე წუთზე სტეფანო სტურარომ გახსნა, რომელიც „ჯენოაში“ „იუვენტუსიდან“ გადავიდა. აღსანიშნავია, რომ სტურარო თამაშში სულ რაღაც 2 წუთის ჩართული იყო, შორი მანძილიდან ზუსტად რომ დაარტყა.
81-ე წუთზე კი, გორან პანდევმა საბოლოო ანგარიში დააფიქსირა – 2:0. საინტერესოა, რომ “იუვემ” “ჯენოას” პირველ წრეშიც ვერ მოუგო, მაშინ ტურინული დაპირისპირება ფრედ, 1:1 დასრულდა. „ბებერ სინიორას“ საგოლე მომენტი ამ მატჩში არ ჰქონია. ამრიგად, „ნაპოლის“ შანსი აქვს ჩამორჩენა 15 ქულამდე შეამციროს…
ამ წაგებით ტრაგედიის შექმნა რა თქმა უნდა, უადგილოა. უბრალოდ, მხოლოდ ისაა საწყენი, რომ ჩემპიონობის წაუგებლად მოპოვების შანსი დაიკარგა.
„ჯენოა“ – „იუვენტუსი“ 2:0 (0:0)
გენუა, „ლუიჯი ფერარისი“
„ჯენოა“ (4-3-3): რადუ; პერეირა, რომერო, ძუკანოვიჩი, კრიშიტო; ლარეგერი, რადოვანოვიჩი (ველოზუ 75), როლონი; ლაზოვიჩი (სტურარო 70), სანაბრია (პანდევი 60), კუამე
მწვრთნელი: ჩეზარე პრანდელი
„იუვენტუსი“ (3-5-2): პერინი; კასერესი, ბონუჩი, რუგანი, კანსელუ (ბერნარდესკი 60), ემრე ჯანი, პიანიჩი, ბენტანკური (სპინაცოლა 77), ალექს სანდრო; დიბალა, მანჯუკიჩი (კინი 73)
მწვრთნელი: მასიმილიანო ალეგრი
გოლები: 1:0 სტურარო (72), 2:0 პანდევი (81)
გაფრთხილება: რომერო (3), პანდევი (82) – ალექს სანდრო (5), კასერესი (23), ემრე ჯანი (85)
სტატისტიკა – კარისკენ დარტყმები: 10 (5) – 3 (0) ბურთის ფლობა: 43%-57% კუთხურები: 6:6 თამაშგარე: 3:1
მსაჯი: მარკო დი ბელო