ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა ანდრეა პირლომ კიევის „დინამოსთან“ მატჩის შემდეგ ისაუბრა. იტალიელი სპეციალისტი თამაშით კმაყოფილი დარჩა და აღნიშნა, რომ „ბარსელონასთან“ სტუმრად მოსაგებად ითამაშებენ.
„კმაყოფილი ვარ ბიჭების მიდგომით, რომლებმაც თამაში კარგად წარმართეს. ბურთი ყოველთვის ვერ გვექნება, ეს ნორმალურია და რამდენიმე წუთის განმავლობაში თავის დაცვა გვიწევს. გვჭირდებოდა გუნდური თამაში და დადებითი ნიშანი, განსაკუთრებით „ბენევენტოსთან“ მატჩის შემდეგ.
მორატა? მას კარგად ვიცნობთ, ის „იუვენტუსში“ პირველად ძალიან ახალგაზრდა მოვიდა და მენტალურად ძალიან გაიზარდა. ბედნიერები ვართ, რომ ალვარო გვყავს. კიეზას გოლი? ბედნიერი ვარ ფედერიკოს გამო, მას გახსნა სჭირდებოდა და კარგად ითამაშა.
„ბარსელონასთან“ თამაშში ბოლომდე ვიბრძოლებთ სასურველი ანგარიშით მოსაგებად და პირველ ადგილზე გასასვლელად. ეს ადვილი არ იქნება, მაგრამ იქ ფეხბურთის სათამაშოდ წავალთ. თუმცა, მანამდე არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ჯერ დერბი გვაქვს და ახლა ამ თამაშზე უნდა გავაკეთოთ კონცენტრაცია“, – თქვა პირლომ.
შეგახსენებთ, რომ „იუვენტუსს“ „ბარსელონას“ წინააღმდეგ პირველი ადგილის დასაკავებლად მინიმუმ 3:1 გამარჯვება სჭირდება.