ტურინის „იუვენტუსის“ მცველმა ლეონარდო ბონუჩიმ კიევის „დინამოსთან“ მატჩის შემდეგ კომენტარი გააკეთა. იტალიელი ფეხბურთელის განცხადებით, გუნდმა კარგად ითამაშა და ბარსელონაშიც გამარჯვებისთვის მიდიან.
„გვინდოდა გამარჯვება და სატურნირო ცხრილში პოზიციის განმტკიცება, ახალი სტიმულის მიღება. პირველი ტაიმის ბოლოს ცოტა მოვდუნდით, მაგრამ გარდა იმ მომენტისა, როცა მათ ლამის გაგვითანაბრეს, კარგი თამაში გვქონდა.
„ბარსელონაში“ მინიმუმ 3 გოლი გვაქვს გასატანი, ეს ადვილი არ იქნება, მაგრამ ჩვენ იქ კარგი თამაშის ჩასატარებლად წავალთ და განვითარებას გავაგრძელებთ. სეზონის ამ ნაწილის მინიმალური მიზანი ჯგუფიდან გასვლა იყო და ეს გავაკეთეთ, ახლა კი ვეცდებით მოვუმატოთ. სწორ გზაზე ვართ და ვცდილობთ უკეთ ვითამაშოთ.
გზა, რომელიც ჩემპიონატში ამ დროისთვის გავიარეთ, არ ასახავს ჩვენს ძალას, მაგრამ ვხედავ, რომ ყველას გაზრდის დიდი სურვილი აქვს. რონალდუს 750 გოლი? თითქმის ყველა მატჩში რეკორდებს ამყარებს, მხოლოდ დიდი სიამოვნებაა მისი საოცარი კარიერის მონაწილენი რომ ვართ“, – თქვა ბონუჩიმ.
შეგახსენებთ, რომ „იუვენტუსს“ „ბარსელონას“ წინააღმდეგ პირველი ადგილის დასაკავებლად მინიმუმ 3:1 გამარჯვება სჭირდება.