ტურინის „იუვენტუსის“ ნახევარმცველმა მირალემ პიანიჩმა განაცხადა, რომ „იუვეს“ მეტოქეები არამარტო მოედანზე, არამედ მოედნის მიღმაც ჰყავს. ბოსნიელი ნახევარმცველის თქმით, პანიკის საფუძველი არ არსებობს მიუხედავად იმისა, რომ „ინტერი“ ლიდერია.
პიანიჩი ტურინელთა შესაძლებლობებში დარწმუნებულია და მშვიდადაა.
„ჩვენ სეზონის შუაშიც კი არ ვართ, ძლიერი გუნდების წინააღმდეგ მოგვიწია თამაში. „ინტერიც“ ჩვენსავით შესანიშნავად თამაშობს, სხვაობა მხოლოდ 1 ქულაა და არა 10. რა შეიცველა ფსიქოლოგიური თვალსზრისით, როდესაც ცხრილში დაძაბულობაა? არანაირი ეფექტი ამას არ აქვს, არ მახსოვს რა მდგომარეობა იყო წინა წლებში ასეთ პერიოდში სატურნირო ცხრილში, მაგრამ ეს დიდად არ გვაინტერესებს.
მეტოქე ძალიან კარგად თამაშობს, მაგრამ ყველაფერი ჩვენზეა დამოკიდებული და მშვიდად ვართ. ვაგრძელებთ მუშაობას და თუ საჭირო გახდება, დაველოდებით მატჩს, როდესაც „ინტერს“ ვუმასპინძლებთ. მხოლოდ პატივისცემაა საჭირო, მეტი არაფერი. ძალიან მშვიდად ვართ მიუხედავად იმისა, რომ „სასუოლოსთან“ ქულები დავკარგეთ.
უკეთესი თამაში? ეს ლაპარაკი ბოლო წლებში მესმის, მაგრამ „იუვე“ ყოველთვის იმარჯვებდა. ძალიან ძლიერი შემადგენლობა გვყავს, შეგვიძლია მომატება და მოვუმატებთ. ამ გუნდის მჯერა, წლებია ჩვენ ვიმარჯვებთ და ნორმალურია, რომ მოწინააღმდეგეები მოედნის მიღმაც გვყავს“, – განაცხადა პიანიჩმა.