„იუვენტუსი“ – „ბარსელონას“ მატჩისწინა პრესკონფერენციაზე მირალემ პიანიჩი წარსდგა, რომელიც ესპანურ გუნდში თითქმის სამი თვის წინ სწორედ „იუვედან“ გადავიდა. ბოსნიელი ფეხბურთელის განცხადებით, ტურინში დაბრუნებით ძალიან ბედნიერია.
„ნამდვილად ბედნიერი ვარ, რომ აქ დაბრუნება მომიწია. „იუვენტუსში“ ოთხი წელი გავატარე, დადებითი მოგონებები მაქვს და ბედნიერი ვარ, რომ ვნახე ადამიანები, რომლებიც აქ მუშაობენ. სამწუხაროა, რომ გულშემატკივარი არ იქნება, მაგრამ წინ უნდა გავიხედოთ. ჩვენთვის რთული თამაში იქნება მეტოქის წინააღმდეგ, რომელსაც ჯგუფში პირველ ადგილზე გასვლა სურს. „იუვეს“ მენტალიტეტს ძალიან კარგად ვიცნობ, ტურინიდან ქულების წაღება ძალიან ძნელია. ჩემი ყოფილი თანაგუნდელების ბოლო თამაშები ვნახე, მათ ჯერ კიდევ სჭირდებათ გარკვეული დრო ახალი სისტემის ათვისებისთვის“, – თქვა პიანიჩმა.
შეგახსენებთ, რომ მირალემ პიანიჩმა „იუვენტუსში“ 2016-2020 წლებში 178 თამაში ჩაატარა და 22 გოლი გაიტანა. „იუვენტუსი“ – „ბარსელონას“ მატჩი დღეს თბილისის დროით 23:55 საათზე დაიწყება.