ტურინის „იუვენტუსის“ მცველი დანილო ანდრეა პირლოს „ბარსელონასთან“ მატჩისწინა პრესკონფერენციაზე ახლდა და ხვალინდელ თამაშზე ისაუბრა. ბრაზილიელს ამ დაპირისპირებაში დიდი ალბათობით, მისთვის უჩვეულოდ, ცენტრალურ მცველად მოუწევს თამაში.
„დიდი გუნდების წინააღმდეგ თამაში ყოველთვის შესანიშნავია. გამარჯვების დიდი სურვილი გვაქვს. გულშემატკივრებთან ერთად ყველაფერი უფრო ლამაზი იქნებოდა, მაგრამ კონცენტრირებულები ვართ და ვინც მოედანზე გავა, მაქსიმუმს გაიღებს.
წარსულთან შედარებით, ახლა უფრო სწრაფად უნდა ვიმოძრაოთ, აგრესიულად ვითამაშოთ და როდესაც ბურთი არ გვექნება დაუყოვნებლივ ოთხხაზიანი დაცვა უნდა ჩამოვაყალიბოთ. ახალ სათამაშო სისტემაში თავს კარგად ვგრძნობ, ბურთი ხშირად გვაქვს, ამიტომ, ჩემთვის რთული არ არის. ხვალ იმას გავაკეთებ, რასაც მწვრთნელი ითხოვს. ჩვენ სწორ გზაზე ვართ, გვინდა ვიმუშაოთ და ვისწავლოთ. მეც მზად ვარ“, – თქვა დანილომ.
შეგახსენებთ, რომ „იუვენტუსისა“ და „ბარსელონას“ შეხვედრა 28 ოქტომბერს, თბილისის დროით 23:55 საათზე დაიწყება.