დღეს ყველა კილიან მბაპესა და ერლინგ ჰოლანდზე საუბრობს. თანამედროვე ფეხბურთში არ არსებობენ ახალგაზრდა ფეხბურთელები, რომლებსაც მათზე დიდ მომავალს უწინასწარმეტყველებენ.
ორივე მოთამაშეზე უარს არცერთი გუნდი არ იტყოდა და გამონაკლისი არც „იუვენტუსია“. უცნაური ის არის, რომ წლების წინ ორივე მოთამაშის დამატების შანსი „იუვეს“ ჰქონდა, მაგრამ მენეჯმენტში არასწორი არჩევანი გააკეთეს. ამასთან დაკავშირებით ტურინულმა გაზეთმა Tuttosport-მა სტატია გამოაქვეყნა, რომელშიც ნათლად არის აღწერილი ტურინელთა სპორტული დირექტორის, ფაბიო პარატიჩის უხეში და გამოუსწორებელი შეცდომები.
„ის პირველად ტელევიზორში 2017 წელს ვნახე „მანჩესტერ სიტი“ – „მონაკოს“ მატჩში ჩემპიონთა ლიგაზე. შთამბეჭდავი იყო. პირველი ტაიმის ბოლოს ფაბიო პარატიჩის მივწერე და კითხვა დავუსვი: კი მაგრამ, ეს ვინ არის? რომელი პლანეტიდან მოვიდა?“ პარატიჩიმ მიპასუხა, რომ მას დიდი ხანია აკვირდებოდა“, – წერს ჯორჯო კიელინი თავის ავტობიოგრაფიულ წიგნში.
საუბარია „პარი სენ ჟერმენის“ თავდამსხმელ კილიან მბაპეზე. სწორედ 2016 წელს, 18 წლის მბაპეს „იუვენტუსში“ გადასვლის შანსი ჰქონდა, მაგრამ პარატიჩიმ დიდი შეცდომა დაუშვა. „მონაკომ“ ახალგაზრდა ფრანგი შემტევის სანაცვლოდ 50 მილიონი ევრო მოითხოვა და მზად იყო მბაპე ტურინში გაეშვა. პარატიჩიმ ბევრი იფიქრა თუ ცოტა, მიიჩნია, რომ 50 მილიონი ევრო ახალგაზრდა ფეხბურთელის სანაცვლოდ ძალიან ბევრი იყო და ფრანგებთან მოლაპარაკებები დაუყოვნებლივ შეწყვიტა. ცნობისთვის, ამ ამბიდან 1 წელიწადში მბაპე პსჟ-მ თითქმის 200 მილიონ ევროდ შეიძინა და სწორედ 2016-2107 წლების სეზონიდან ფრანგი თავდამსხმელი ბრწყინავს. შედარებისთვის, მბაპეს 50 მილიონად ყიდვაზე უარის თქმიდან ერთი წლის თავზე პარატიჩიმ და „იუვენტუსმა“ ფლორენციის „ფიორენტინას“ ფედერიკო ბერნარდესკიში 40 მილიონი ევრო და ბონუსები გადაუხადეს, ანუ თითქმის იმდენი, რაც არ გადაიხადეს მბაპეში.
როგორც შემდგომში გაირკვა, პარატიჩიმ თავის შეცდომებზე ვერ ისწავლა. 2019 წლის მიწურულს „ზალცბურგი“ მზად იყო „იუვენტუსში“ ერლინგ ჰოლანდი გაეშვა და საქმეში მისი აგენტი მინო რაიოლაც ჩარეული იყო. საკითხი მარტივად იდგა: ტრანსფერის სანაცვლოდ 50 მილიონი ევრო იყო საჭირო და 2020 წლის იანვრიდან ჰოლანდი შავ-თეთრ მაისურს მოირგებდა. თუმცა, ტურინელებმა მიიჩნიეს, რომ ჰოლანდი „იუვენტუსის“ მთავარ გუნდში ფეხს ვერ მოიკიდებდა და რაიოლას თავდაპირველად ნორვეგიელის 23-წლამდე გუნდში თამაშის შესთავაზეს, რაც ცხადია, რბილად რომ ვთქვათ, დამამცირებელი წინადადება იყო. საბოლოოდ, ჰოლანდი „დორტმუნდმა“ გაიფორმა.
სხვათა შორის, ჰოლანდზე უარის თქმის შემდეგ პარატიჩიმ ბერგამოს „ატალანტას“ დეიან კულუშევსკიში 45 მილიონი ევრო გადაიხადა, მხოლოდ 5 მილიონით ნაკლები, ვიდრე ჰოლანდში უნდა გადაეხადა. შედარება აქაც რომ გავაკეთოთ, ჰოლანდს იმ დროისთვის ჩემპიონთა ლიგის 6 მატჩში 8 გოლი ჰქონდა გატანილი, კულუშევსკის ამ ტურნირზე არასდროს ეთამაშა.
ფაქტია, ფაბიო პარატიჩიმ სერიოზული შეცდომები დაუშვა. ზოგადად, ბოლო დროს „იუვეს“ ბოლო პერიოდის სატრანსფერო პოლიტიკას თუ გადავხედავთ, პარატიჩის შეცდომები სახეზეა და ამას გუნდის მიერ ნაჩვენები შედეგები ცხადყოფს, მაგრამ კილიან მბაპეზე და ერლინგ ჰოლანდზე უარის თქმა, მაინც განსაკუთრებული ლაფსუსებია, რომლის გამოსწორება ნამდვილად შეუძლებელი იქნება…